|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სასამართლოების შესახებ კანონი უმრავლესობას პრემიერმა მიაღებინა

პარლამენტმა „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონი დღევანდელ სესიაზე მეორე მოსმენით, 88 ხმით დაამტკიცა. თუმცა კანონპროექტის  მიღებამდე აზრთა სხვადასხვაობა იყო უმრავლესობის შიგნით, რის შემდეგაც საერთო პოზიციის მიღწევა პრემიერთან კონსულტაციის შემდეგ გახდა შესაძლებელი.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტის იმ მუხლებს განმარტავს, რომელზეც  უმრავლესობის წევრებს განსხვავებული აზრი ჰქონდათ.  

ბესელიას თქმით,  პირველი მუხლი  საბჭოს მოქმედ წევრებს ეხება. აქ საუბარია მოქმედი წევრების საბჭოში ხელახლა არჩვის შესაძლებლობაზე. როგორც ბესელია ამბობს, საკანონმდებლო ინიციატივაში ეწერა, რომ მათი ზედიზედ ორჯერ არჩევა არ შეიძლება, თუმცა დეპუტატის თქმით,  პროექტში ახალი ფორმულირება შევიდა, რაც უმრავლესობაში დისკუსიის საგანი გახდა.

ბესელია მიიჩნევს, რომ იუსტიციის საბჭოს მოქმედ წევრებს ხელახლა არჩევის უფლება არ უნდა ჰქონდეთ, რადგან  მათი  ორჯერ არჩევა რეალურად  ხელს უშლის ამ საბჭოს ფუნქციონირებას.

მეორე სადაო საკითხი საბჭოში  იმ მოსამართლეების არჩევის საკითხს შეეხება, რომელთაც პარალელურად თანამდებობები უჭირავთ.

„ამ საკითხზეც იყო დებატები. ჩვენ გვქონდა მოსაზრება,  რომ ამ ორ საკითხზე დამატებით გვემსჯელა. ბოლოს შევჯერდით  ერთიან პოზიციაზე და მთავრობის კანონს ვუყარეთ კენჭი,“ - ამბობს ბესელია.

აღნიშნულ კანონპროექტს, რომელიც იუსტიციის საბჭოს ახალი წესით დაკომპლექტებასა და სასამართლოს  პოლიტიკური გავლენისაგან გათავისუფლებას ითვალისწინებს, მხარს არ უჭერს უმცირესობა. აღნიშნულის მიზეზად „ნაციონალები“ იმ ფაქტს ასახელებენ, რომ  დოკუმენტთან დაკავშირებით ხელისუფლებამ ვენეციის კომისიის დაკვნა არ გაითვალისწინა.

კერძოდ, საუბარია იმაზე, რომ სასამართლო სისტემის რეფორმის შედეგად,  იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობის სრული გადახალისება არ უნდა მოხდეს.   

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის დავით საგანელიძის თქმით, „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტის მეორე მოსმენით მიღებაში დიდი წვლილი ქვეყნის პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა შეასრულა.

საგანელიძის თქმით, კანონპროექტი მთავრობის მიერ იყო შემოსული, ამიტომ, განსხვავებული აზრის მიუხედავად, უმრავლესობას მთავრობისათვის ანგარიში უნდა გაეწია.

როგორც საგანელიძემ აღნიშნა, სესიის პერიოდში გამოცხადებული ტექნიკური შესვენებისას მას კონსულტაციები ჰქონდა როგორც იუსტიციის მინისტრთან, ისე ქვეყნის პრემიერთან, რამაც კანონპროექტის მიღებას შეუწყო ხელი.

დოკუმენტის მესამე და საბოლოოდ მიღებას კი პარლამენტი მომავალი კვირის ორშაბათს, რიგგარეშე სესიაზე გეგმავს.

 

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა