ქუთაისის ცენტრი "მიყრილ–მოყრილი" შენობებით
ქუთაისს "მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა" არ გააჩნია. აღნიშნული დეფიციტი უკვე რამოდენიმე ათწლეულია არსებობს.
შესაბამისად არ არსებობს მექანიზმი, რომელიც განსაზღვრავდა დასახლებათა ტერიტორიების გამოყენების (მიწათსარგებლობის) და განაშენიანების ძირითად პარამეტრებს.
სწორედ ამ მექანიზმის არარსებობას მიიჩნევს არქიტექტორების ნაწილი ერთ-ერთ მთავარ მიზეზად იმ ქაოტური მშენებლობებისა, რომელიც ქუთაისის ცენტრალურ ნაწილში წარმოებდა.
"გენგეგმა რომ არ გააჩნია ქალაქს იმას ნიშნავს, რომ ვის სად რა მოუნდა იქ მიყარ– მოყარა შენობები. გენგეგმა უნდა შემუშავდეს სასწრაფოდ. ამის შემდეგ, შესაძლებელი იქნება, რომ უდირიჟოროს ვიღაცამ განაშენიანებას დაწერილი "პარტიტურის"საფუძველზე", – მიაჩნია არქიტექტორ ანდრო მარჯანიშვილს.
როგორც ქალაქის მერიის არქიტექტურის სამსახურში ირწმუნებიან აღნიშნული გენგეგმის შესამუშავებლად მიმდინარეობს მუშაობა USAID–ისა და მერიის წარმომადგენლების მიერ, რომლეთა შორის გაფორმებულია მემორანდუმი.
"თანამშრომლობა მიმდინარეობს ზოგადად ქალაქის სტრატეგიული განვითარების გეგმის შემუშავებაზე და ამის ფარგლებში აღნიშნულ გეგმაზეც", – ამბობს მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსი ვასო მებურიშვილი.
სანამ გეგმა ჩამოყალიბებულა, არსებობს ეკომონიკის სამინისტროს მიერ დამტკიცებული წესი, რომელიც გარდამავალ პერიოდში გამოიყენება.
"ვიდრე გენერალური გეგმა გაკეთდება იმ წესის მიხედვით ვმუშაობთ",
– აცხადებენ არქიტექტურის სამსახურში. გარდამავალი დრო კი საკმაოდ გაიწელა. თანაც ეს პერიოდი მშენებლობების სიუხვითაც გამოირჩა.
აღნიშნული "სიუხვის" ხარისხში ეჭვი შეაქვს არქიტექტორთა ერთ ნაწილს. გარდამავალ პერიოდში მოქმედ განაშენიანების პროცესს ქაოტურს უწოდებენ, მიდგომებს – უპასუხისმგებლოს, შედეგს კი – ბაკქანალიას. რიგ შენობებს ერთი ადამიანის გემოვნებაზე მორგებულადაც მოიხსენიებენ.
რატომ და რომელ შენობებზე აქვთ
პრეტენზიები არქიტექტორებსა და მხატვრებს ქუთაისში? როგორია მათი ხედვები და
რეკომენდაციები? "ნაცარქიტექტურად"მონათლულ რესტავრირებულ ქუთაისზე, იხილეთ
სტატია newpress.ge-ზე უახლოეს პერიოდში.
ავტორი: ეკა კუხალაშვილი