პრობაციონერებს გამოსაცდელი ვადა შესაძლოა შეუმცირდეთ
სასჯელაღსრულების სამინისტრო პარლამენტს პრობაციონერებისათვის გამოსაცდელი ვადის შემცირების წინადადებით მიმართავს.
სასჯელაღსრულების მინისტრის პირველი მოადგილის, გიგა გიორგაძის განცხადებით, ამ ეტაპზე პირობითი მსჯავრის ვადა 38 წელს შეადგენს. სამინისტრო პარლამენტს ვადის შემცირებას 1 წლამდე სთხოვს. როგორც გიორგაძე ამბობს, აღნიშნული პერიოდი პიროვნებაზე დასაკვირვებლად საკმარისია.
გარდა ამისა, უწყება მიმდინარე წელს პირობით მსჯავრდებულებისათვის დასაქმებისა და გადამზადების კუთხით რიგი პროგრამების განხორციელებას გეგმავს.
გიორგაძის თქმით, სასჯელაღსრულების სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამინისტოსთან ერთად აქვს პროგრამა, რომლის ფარგლებში გადამზადებული 900 მექანიზატორიდან 20 პირობით მსჯავრდებულია.
„მათ აქვთ საშუალება რომ დასაქმდნენ. პრობაციონერებისათვის გამოიყენება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა. მაგალითად დასუფთავების კუთხით. ამ მიმართულებით პრობაციონერებისათვის სერვისების შეთავაზება ადგილობრივ თვითმმართველობას შეუძლია, თუმცა არსებული პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, თვითმმართველობებთან აქტიურად ვერ ვთანამშრომლობთ,“ - ამბობს გიორგაძე.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, პრობაციონერთა პირობები მომავალში ბევრად გაუმჯობესდება და კარგი ქცევის შემთხვევაში ისინი სასჯელისგან ვადამდე ადრე გათვისუფლდებიან.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე