ქუთაისში მოვაჭრეებმა გზა გადაკეტეს და მერიას მუქარის ტექსტი გაუგზავნეს
ქუთაისში, ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარე ცენტრალური ბაზრის მოვაჭრეებმა ფალიაშვილის ქუჩა გადაკეტეს.
მოვაჭრეებმა გარევაჭრობის აკრძალვის მოთხოვნით დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში ტრანსპორტს გადაადგილების საშუალება არ მისცეს.
ვითარების განმუხტვა ადგილზე მყოფმა საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა შეძლეს.
ცენტრალური ბაზრის მოვაჭრეთა განცხადებით, ჭავჭავაძის
გამზირზე მომუშავე გარემოვაჭრეები აღნიშნულ ტერიტორიაზე გარევაჭრობის აკრძალვის შემდეგ
ფალიაშვილის ქუჩაზე გადავიდნენ. როგორც მოვაჭრეები ამბობენ, ისინი პროდუქციის რეალიზაციას
ვეღარ ახდენენ.
„გზა გადავკეტეთ, აბა სხვა რა ხერხს მივმართოთ. ვერაფერს ვერ ვვაჭრობთ, სახლში კაპიკი ვერ მიგვაქვს. ქვითრის ფული კიდევ გადასახდელი გვაქვს. მაჟორიტართან ვიყავით დახმარებისათვის, მაგრამ არაფერი გაგვიკეთა. მერიასაც მივმართეთ, მაგრამ ვერც ისინი დაგვეხმარნენ. მერი პოლიციასთან გვიშვებს, პოლიცია კიდევ მერიასთან და ასე გვათამაშებენ,“ - ამბობს ცენტრალური ბაზრის მოვაჭრე ნატო ქუთათელაძე.
მერიის ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის მთავარი სპეციალისტი დავით შელია აცხადებს, რომ სამსახურის ჯგუფები ყოველდღიურად გამოდიან, ამოწმებენ მოვაჭრეებს და მათ სიტყვიერ გაფრთხილებას აძლევენ.
შელიას თქმით, დაჯარიმება
და ადმინისტრაციული სახდელის დაწესება არა მერიის, არამედ ძალოვანი უწყების კომპეტენციას წარმოადგენს.
მოვაჭრეების განცხადებით, თუ ფალიაშვილის ქუჩაზე გარევაჭრობა
არ აიკრძალება „გზებსაც გადავკეტავთ და თუ საჭირო იქნება, მერიასაც ჩავკეტავთ“.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე