|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში სოციალურად დაუცველი 20 ოჯახი "სამხატვრო სკოლაში" თვითნებურად შესახლდა [Video]

ქუთაისში, იუსტიციის სახლის გვერდით მდებარე ყოფილ „სამხატვრო სკოლაში“ მცხოვრები 20 ოჯახი 7 თვეა ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს.

სკოლის შენობაში თავშეფარებულებს არც წყალი აქვთ და არც ელექტროენრგია.

„იუსტიციის სახლის ეზოდან წყლის მოტანა აგვიკრძალეს,“ – ამბობს „სამხატვრო სკოლაში“ მცხოვრები ლელა კიკნაველიძე.

სოციალურად დაუცველმა ოჯახებმა სამხატვრო სკოლის სამსართულიანი, ამორტიზებული შენობა 2012 წლის 2 ოქტომბერს, თვითნებურად დაიკავეს.

„წლების განმავლობაში ნაქირავებში ვცხოვრობდით. მაგრამ,  იმის გამო, რომ  ყოველთვიურად გადასახადი ვეღარ გადავიხადეთ, გამოგვაგდეს“, – ამბობს „სამხატვრო სკოლის“ ბინადარი მარინე აბუთიძე.

ქუთაისის მერიაში განმარტავენ,  რომ  სკოლის შენობაში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახების პირობები  მათთვის ცნობილია. თუმცა,  დახმარების კომპეტენციას თავიდან იცილებენ. „იმის გამო, რომ შენობაში უკანონოდ შევიდნენ, ადგილობრივი ხელისუფლება ვერ დაეხმარება, რადგან ეს დახმარება არ  იქნება კანონიერი“, – აღნიშნავენ ქუთაისის  მერიაში. 

ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლის,  ამირან ძოწენიძის თქმით, ადგილობრივ ბიუჯეტს არ აქვს შესაძლებლობა, ამ ოჯახებს ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი გამოუყოს.

„ჩვენ ამ პრობლემის წინაშე უძლურნი ვართ. მხოლოდ ერთჯერადი ფულადი შემწეობით თუ დავეხმარებით. ძირითადად, ეს პრობლემა ცენტრალურმა ხელსუფლებამ უნდა მოაგვაროს. თუმცა, ამის იმედი ნაკლებად არის“, – ამბობს ამირან ძოწენიძე. 

ქუთაისის მერიის სოციალურ  საკითხთა სამსახურის უფროსი, კახა ქორიძე კი აცხადებს, რომ პირველ ეტაპზე სკოლის შენობაში მცხოვრებლებს სააღდგომო ნობათებით დაეხმარებიან.

ავტორი: თეკლა მორგოშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა