ინფრასტრუქტურის სამინისტრო ქუთაისის მერიას მხოლოდ 2 პროექტს უფინანსებს
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ქუთაისის მერიას
უწყებაში გაგზავნილი 13 პროექტიდან მხოლოდ ორს უფინანსებს.
როგორც newpress.ge-სთვის გახდა ცნობილი,
სამინისტრომ ქუთაისში გზების მოწყობისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკის რეაბილიტაციის
გადაწყვეტილება მიიღო.
ქუთაისის მერიამ სამინისტროს 27 მილიონი ლარის ღირებულების 13 პროექტი გაუგზავნა.
პროექტები ქალაქში გზებისა და მოსწავლე–ახალგაზრდობის პარკის რეაბილიტაციის გარდა, სანიაღვრე-საკანალიზაციო სისტემების მოწესრიგებას, ქალაქში არსებული
ე.წ. „მაწანწალა ძაღლებისათვის“ თავშესაფრის
მოწყობას და სხვა სამუშაოებს ითვალისწინებდა.
როგორც ცნობილი ხდება, სამინისტროს მიერ დაფინანსებული 2 პროექტის ღირებულება 15 მილიონს შეადგენს.
გარდა ამისა, ირკვევა, რომ სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაციისათვის სამინისტრო ტენდერს თავად გამოაცხადებს. ხოლო ძაღლსაფარის მოსაწყობად ზრუნვა მერიას მის მიერვე მოძიებული ფინანსების მეშვეობით მოუწევს.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე