კახა კალაძე: "სამტრედიაში გასაკეთებელი კიდევ ბევრია"
ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ სამტრედიელებს დღეს „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი გააცნო. კალაძე დარწმუნებულია, რომ კოალიციის კანდიდატი გიორგი კახიანი შუალედურ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას მოიპოვებს.
რაგბისტი და იურისტი გიორგი კახიანი წარმოშობით სამტრედიელია. მისი თქმით, ის სამტრედიის თითოეული სოფლის მოსახლეობასთან შეხვედრებს გამართავს, მათ პრობლემებს გაეცნობა და მუნიციპალიტეტში მაცხოვრებელთა მდგომარეობის გაუმჯობესებაში თავის წვლილს შეიტანს.
"როგორც ბიძინა ივანიშვილმა კანდიდატების წარდგენისას განაცხადა, სამტრედიაში წარმატებული ფეხბურთელი წარმატებული რაგბისტით ჩაანაცვლა," – ამბობს გიორგი კახიანი.
კახა კალაძის განცხადებით, სამტრედიაში „ოცნების“ საარჩევნო შტაბი მუშაობას ხვალიდან შეუდგება, რადგან "სამტრედიაში გასაკეთებელი კიდევ ბევრია. დარწმუნებული ვარ, ღირსეულად გავიმარჯვებთ,“ – ამბობს კახა კალაძე.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 27 აპრილს შუალედური
საპარლამენტო არჩევნები იმერეთში ორ ოლქში–ბაღდათსა და სამტრედიაში გაიმართება.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე