რას ფიქრობენ დეპუტატები შრომის ახალ კოდექსზე?
პარლამენტი შრომის კოდექსის ახალ ვარიანტს განიხილავს.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა განმარტებით, კოდექსის ახალი ვარიანტი დასაქმებულისა და დამსაქმებლის ინტერესებს თანაბარს ხდის. უმცირესობაში კი მიიჩნევენ, რომ კოდექსში ცვლილებების შესვლის შემდეგ, სამსახურებიდან დასაქმებულთა მასობრივი დათხოვნები დაიწყება.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ზაქარია ქუცნაშვილის თქმით, შრომის კოდექსის ახალი ვარიანტი სამ გარემოებას ითვალისწინებს, რაც შეიძლება დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზი გახდეს.
როგორც ქუცნაშვილი ამბობს, აქამდე დასაქმებული უუფლებო პირი იყო, თუმცა შემოტანილი ცვლილებებით ის დამსაქმებელს უთანაბრდება. ხოლო ამ უკანასკნელს თანამშრომლის სამსახურიდან დათხოვნა სამი გარემოების არსებობის შემთხვევაში შეუძლია. პირველი ეკონომიკურ კრიზისს, მეორე ტექნოლოგიურ ცვლილებებსა და მესამე კერძო საწარმოს ბიზნეს პროექტის ცვლილებას უკავშირდება.
„კანონი არის ძალიან სამართლიანი. თუ დასაქმებული მიიჩნევს, რომ მისი გათავისუფლება იყო სუბიექტური, მტკიცების ტვირთი აწვება არა დამსაქმებელს, არამედ დამსაქმებელს. მან უნდა დაასაბუთოს რომ გათავისუფლება ეკონომიკური კრიზისის და არა გამოგონილი მიზეზის გამო მოხდა,“– ამბობს ქუცნაშვილი.
უმრავლესობის დეპუტატის თქმით, ახალი კოდექსით ასევე შეუძლებელი ხდება ადამიანის გათავისუფლება კანის ფერის, სქესის თუ პროფესიულ გაერთიანებაში წევრობის გამო.
საპარლამენტო უმცირესობის წევრის ზურაბ ჯაფარიძის თქმით, შრომის ახალი კოდექსი დასაქმების კუთხით ქვეყანაში მდგომარეობას კიდევ უფრო გააუარესებს.
„ცვლილებები გამოიწვევს იმას, რომ საქართველოში არსებული ინვესტორები დღესვე დაიწყებენ ადამიანების გათავისუფლებას. ეს პროცესი უკვე დაწყებულია. შედეგად, საქართველოში შემოვა გაცილებით ნაკლები ინვესტიცია და სამუშაო ადგილები გაზრდის ნაცვლად შემცირდება. რადგან, საქართველოში ერთის მხრივ, მუშახელი გაძვირდება და მეორე მხრივ დამსაქმებლებს მოუწევთ სასამართლოში სირბილი ძალიან ხშირად. ისინი ბუნებრივია მოერიდებიან ამას და ინვესტიციებს განახორცილებენ არა საქართველოში, არამედ ჩეხეთში, პოლონეთში ან სადმე სხვაგან,“ – ამბობს ზურაბ ჯაფარიძე.
შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე პარლამენტში შრომის კოდექსის განხილვა კომიტეტების დონეზე მიმდინარეობს.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე