საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე ბაღში რეკონსტრუქციას გეგმავს
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარეობიდან ბოტანიკური ბაღის ხელმძღვანელად გადანაცვლებულმა ამირან ხვადაგიანმა დაპირებების გაცემა დაიწყო.
ამირან ხვადაგიანი აცხადებს,
რომ მიმდინარე წელს ბოტანიკური ბაღი შიდა ტურიზმის მარშრუტებში მოხვდება და უცხოელი ტურისტების მისაღებადაც ელემენტრულ ნორმებს დააკმაყოფილებს. ხვადაგიანის თქმით, ბაღის ძველი ფუნქციის დაბრუნებისთვის მან
აქტიური კამპანია დაიწყო.
კამპანიის ფარგლებში დაგეგმილია ბაღის ტერიტორიაზე შეხვედრების მოწყობა ქუთაისში მოქმედ შემოქმედებით ჯგუფებთან, მედიასთან, სამოქალაქო და ბიზნეს სექტორთან.
„საზოგადოების აზროვნებაში უნდა გვაცოცხლოთ ბოტანიკური ბაღი. მომავალმა თაობებმა უნდა იცოდნენ, რომ ეს მათი საკუთრებაა,” - აცხადებს ამირან ხვადაგიანი.
ხვადაგიანი მიიჩნევს, რომ აღნიშნული კამპანიის წამოწყებით ბაღი, თავის ძველ ფუნქციებს მოკლე დროში დაიბრუნებს.
პირველ ეტაპზე დაგეგმილია სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესრულება ძველ ფლიგელში, სადაც ცნობილი მეცნიერი, წარმოშობით შოტლანდიელი ნიკო მარი დაიბადა.
ქუთაისის ადგილობრივმა თვითმმართველობამ ილიას უნივერსიტეტის
დაქვემდებარებაში მყოფი ბოტანიკური ბაღის დაბრუნება მხოლოდ გასულ წელს შეძლო.
2013 წლის ადგილობრივ ბიუჯეტიდან ქუთაისის ბოტანიკური ბაღისთვის 200 000 ლარია გამოყოფილი. აქედან, მიმდინარე სარემონტო სამუშაოებს 85 000 ლარი მოხმარდება. სამუშაოებისთვის ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება.
ასევე მოკლე დროში დაგეგმილია ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე როზარიუმის მოწყობა, რისთვისაც ვარდების ახალგამოყვანილი ჯიშების შეძენა ბათუმის ბოტანიკური ბაღში შეიძინეს.
ქუთაისში ე.წ ფერმის ბაღის გაშენება მდინარე რიონის მრჯვენა სანაპიროზე, 9 ჰა მიწის ფართობზე, 1840-იან წლებში დაიწყო. აქვე ფუნქონირებდა სასოფლო-სამეურნეო სკოლა.
გასული საუკუნის 1960-იანი წლებიდან ბოტანიკურ ბაღში სამეცნიერო მუშაობა დაიწყო. ამჟამად ბაღში მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან 600-ზე მეტი მცენარეთა სახეობაა წარმოდგენილი.
მათ შორისაა წითელ წიგნში შეტანილი კოლხური ბზა და იშვიათი მარადმწვანე სექვოია. ხოლო ბაღის ყველაზე ხანდაზმული ბინადარი ატლასური კედარია.
ავტორი: დეა მანაგაძე