|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საჩხერეში პედაგოგებს პოლიტიკური ნიშნით დევნიან

„საჩხერის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სკოლიდან 6 პედაგოგი გაათავისუფლეს. ექვსივე მათგანმა პირველი ინსტანციის სასამართლოში დავა წააგო. პედაგოგები აცხადებენ, რომ პოლიტიკური ნიშნით არიან გათავისუფლებულები,“ - განაცხადეს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ქუთაისის ფილიალის წარმომადგენლებმა დღეს, წინასაარჩევნო მონიტორინგის შედეგების პრეზენტაციაზე.

საიას ქუთაისის ფილიალის  პროგრამების დირექტორის ნოდარ ჯიქიას თქმით, საჩხერელი მასწავლებლები ბიძინა ივანიშვილისათვის მოქალაქეობის აღდგენის მიზნით, ხელმოწერების შეგროვების  კამპანიაში იყვნენ ჩართული.  პედაგოგებმა სკოლის ადმინისტრაციებისგან მიიღეს გაფრთხილება იმის შესახებ, რომ საკუთარი facebook-ის გვერდიდან „ქართული ოცნების“ ლოგო აეღოთ. როგორც ჯიქია ამბობს, პედაგოგებმა  სკოლის ხელმძღვანელობის  „დავალება“ არ შეასრულეს, რასაც შესაბამისი რეაგირება მოჰყვა.

„შედეგად  შრომის კოდექსის გამოყენებით,  პედაგოგები გაათავისუფლეს.  სამწუხაროდ, ჩვენი შრომის კოდექსი იტანს ამგვარ შემთხვევებს,“ - ამბობს ნოდარ ჯიქია.

გათავისუფლებული პედაგოგების ინტერესებს ორგანიზაციის იურისტი იცავდა. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ,   გათავისუფლებულ პედაგოგთა რაოდენობა დიდია, თუმცა მასწავლებლებს  მათთვის არ მიუმართავთ. სამსახურიდან გათავისუფლებული პედაგოგები არც  პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებენ ზემდგომ ინსტანციაში.  

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა