ქუთაისის ცენტრში ისტორიული შენობების აღდგენა დაიწყო
ქუთაისის კოლხური შადრევნის გახსნისა და ცენტრალური
მოედნის რეაბილიტაციის შემდეგ, მიმდებარე ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.
რეაბილიტაციის ახალი ეტაპი, ისტორიული შენობების იერსახის მოწესრიგებას, თანამედროვე
განათების სისტემის დამონტაჟებას და გზის საფარის აღდგენას ითვალისწინებს. პროექტის
ფარგლებში შესრულდება სახლების საძირკველის გამაგრებითი სამუშაოები, შენობებს დაუბრუნდება
ძველი ისტორიული სახე.
„როდესაც მოედნის რეაბილიტაცია დავასრულეთ, გაჩნდა უკვე
მოთხოვნა, რომ სხვადასხვა ისტორიული უბნების რეაბილიტაციაც მოგვეხდინა. დღეს, სამუშაოები
იწყება თამარ მეფის ქუჩაზე. არის რამდენიმე სახლი, რომლის რეაბილიტაციაც მოხდება. პროექტი
დაახლოებით თვენახევარში დასრულდება,“ – განაცხადა იმერეთის გუბერნატორმა ლაშა მაქაცარიამ,
რომელმაც მიმდინარე სამუშაოები მოინახულა.
,,მიმდინარე წელს დაიწყო ცენტრალური მოედნის რეაბილიტაცია.
პროექტის ღირებულება გახლდათ 3 147 000 ლარი. მიმდებარე ფასადების რეაბილიტაციისთვის,
ასევე გამოიყო დამატებით 2 299 000 ლარი. სამუშაოების ნაწილი დასრულდა 2
მაისისთვის. როგორც, წინასწარ იყო დაგეგმილი, ახლა სამუშაოების გაგრძელება მიმდინარეობს.
ზაფხულის განმავლობაში, იქნება დასრულებული თამარ მეფის მიმდებარე ტერიტორიის ისტორიული
შენობები, ფრიგეს ცნობილი შენობა. ასევე, პოლიკლინიკის შენობის გაგრძელება და ვფიქრობ,
რომ ძალიან მნიშვნელოვანი არქიტექტურული შენამატი ექნება ქალაქს“– აღნიშნა ქალაქის
მერმა გიორგი თევდორაძემ.
პროექტის ღირებულება 1 100 000 ლარია. სამუშაოები
ივლისის ბოლოს დასრულდება.
ავტორი: ხათუმა მაისურაძე