თანასოფლელებს შორის მომხდარი სისხლიანი გარჩევის დეტალები
ამ წუთებში ცნობილი ხდება, რომ 18 წლის გრიგოლ მარუაშვილის
მკვლელობაში ეჭვმიტანილი 16 წლის ხვიჩა ანაკიძე სამართალდამცველებმა ქუთაისში დააკავეს.
როგორც ანაკიძის მეზობლები აცხადებენ, ხვიჩა ანაკიძეს ფსიქიკასთან დაკავშირებული პრობლემები
ჰქონდა. მეზობლები ეჭვმიტანილს კონფლიქტურ პიროვნებად ახასიათებენ
და აცხადებენ, რომ ის თანატოლებს ხშირად უმიზეზოდ ეჩხუბებოდა.
„უბრალო რამეზე შეეძლო ყვირილის დაწყება. ერთხელ ოჯახიდან
ფული მოიპარა და სახლიდან წავიდა, რის გამოც ოჯახის წევრები ეძებდნენ,“ - ამბობენ მეზობლები. ისინი ანაკიძესა
და მარუაშვილს შორის დაპირისპირების მიზეზებზეც
საუბრობენ.
„მკვლელობის დღეს, როდესაც სკოლაში იყვნენ, გარდაცვლილს გადაუფურთხებია, რაც
ანაკიძეს შარვალზე მოხვედრია და გაბრაზებულა. გოგას (გარდაცვლილი) ბოდიში მოუხდია,
თუმცა ანაკიძეს უთქვამს, რომ საღამოს მივიდოდა მასთან და პასუხს მოსთხოვდა. საღამოს
ეჭვმიტანილი მართლაც მისულა გოგასთან და უთქვამს, გამოდი, თაფლი მინდაო. გოგაც გასულა.
ჩაცუცქულან და ლაპარაკი დაუწყიათ. გოგას მამას უთქვამს, სახლში შემოდით, სუფრას გაგიწყობთ და აქ ილაპარაკეთო. გოგას წყნარი ხმით უთქვამს,
მალე შემოვალო. ამის შემდეგ ანაკიძეს
გარდაცვლილი სახლიდან ცოტა მოშორებით გაუტყუებია. გოგას რომ დააგვიანდა, მამამისი გარეთ
გასულა და შვილის ბღავილი გაუგონია. რის შემდეგაც
მამას შვილი ხელში ჩააკვდა,“- ამბობენ მეზობლები.
შეგახსენებთ, რომ სისხლიანი გარჩევა გუშინ, დაახლოებით 23:00 საათზე,
ბაღდათის რაიონის სოფელ დიმში მოხდა. ხვიჩა ანაკიძემ დანით თანასოფლელ გრიგოლ მარუაშვილს 8 ჭრილობა მიაყენა.
გრიგოლ მარუაშვილს მეზობლები დადებით პიროვნებად ახასიათებენ.
ამბობენ, რომ მშვიდი პიროვნება იყო და არ ახსოვთ ვინმესთან კონფლიქტი ჰქონოდა. მარუაშვილის
მეზობლების თქმით, გარდაცვლილი მიმდინარე წელს
სკოლას ამთავრებდა და ეროვნული გამოცდებისათვის ემზადებოდა.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე