საწყობში აღმოჩენილ დევნილთა ნივთებზე პასუხიმგებლობას ქუთაისის მერიას აკისრებენ
ქუთაისში, ყოფილი "ცეკავშირის" შენობაში მყოფი თანამშრომლები დევნილთათვის გადასაცემ დასაწყობებულ ნივთებზე, პასუხისმგებლობას ქუთაისის მერიას აკისრებენ.
"ცეკავშირის" ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ აღნიშნული ტექნიკა შენობაში ქუთაისის ადგილობრივი თვითმართველობიდან შემოიტანეს.
"სხვა ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებთ და ვერც საწყობს დაგათვალიერებინებთ.
ამაზე ნებართვა ქუთაისის მერიიდან უნდა აიღოთ,“ – ამბობენ "ცეკავშირის" ადმინისტრაციის წევრები.
როგორც ირკვევა, ყოფილი "ცეკავშირის" შენობაში დევნილთათვის გადასაცემ, დასაწყობებულ ნივთებზე პასუხისგებლობა, მერიის საბინაო სამსახურის უფროსს, კახაბერ ხვარეშიას ეკისრება.
2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად, ქუთაისში ჩასახლებული დევნილებისათვის დახმარება სამინისტროს დავალებით, სწორედ კახაბერ ხვარეშიას უნდა გადაეცა.
თუმცა, 250 დევნილი ოჯახისთვის განკუთვნილი საყოფაცხოვრებო ტექნიკა, როგორც აღმოჩნდა, ქუთაისში მხოლოდ 220 ოჯახს დაურიგდა.
"2009 წელის დასაწყისში, ქუთაისში 230 დევნილი ოჯახი ჩამოსახლდა. ხოლო სამინისტროს ინფორმაციით ქალაქში 250 ოჯახი უნდა ყოფილიყო. საქმე იმაშია, რომ 30 ოჯახი მალევე გადავიდა თბილისში საცხოვრებლად. დარჩენილი ნივთები კი დავასაწყობეთ და შევინახეთ,“ – ამბობს კახა ხვარეშია.
მისივე თქმით, ის წლებია, რაც ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს, აღნიშნულ ტექნიკასთან დავშირებით უშედეგოდ მიმართავს. "რამდენი ხანია ვრეკავ სამინისტროში, რომ რაიმე გადაწყვიტონ მორჩენილ ტექნიკაზე, თუმცა ამ დრომდე ამაზე ყურადღება არავის გაუმახვილებია. გუშინ კი პირადად გავუღე საწყობის კარი დავით დარახველიძეს, რომელიც ტექნიკის დათვალიერების შემდეგ, საკმაოდ კმაყოფილი დარჩა“ – ამბობს ხვარეშია.
ქუთაისში აღმოჩენილ დასაწყობებულ ტექნიკაზე, საქართველოს ლტოლვილთა სამინისტროს იმერეთის სამმართველოში კომენტარს არ აკეთებენ.
დევნილთა და განსახლების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით კი, ქუთაისში აღმოჩენილ საწყობზე გამოძიება მალე დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ დევნილთა კუთვნილი ნივთები ქუთაისში გუშინ საღამოს აღმოაჩინეს.
ანალოგიური საწყობები ასევე აღმოჩენილია თბილისსა და გორში.
ავტორი: ანა ჯანაშია, თეკლა მორგოშია