ფსიქიკური პრობლემების მქონე პირების საღამო და საზოგადოება მცდარი შეხედულებებით
,,ჩვენ ვაღიარებთ განსხვავებულს, აღიარეთ თქვენც’’ – ამ სლოგანით გაიხსნა საღამო, რომელიც აკადემიკოს ბ. ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა ჩაატარეს. საღამო ქუთაისის ბალანჩივაძეების სახელობის ოპერის სახელმწიფო თეატრსა და მუსიკალურ დარბაზში გაიმართა. საღამოს რეპერტუარი მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა. წარმოდგენილი იყო სპექტაკლი (ნოდარ დუმბაძის "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი"), მუსიკალური თუ ქორეოგრაფიული ნომრები. ოპერის ფოიე დაეთმო ცენტრის ბენეფიციართა ნახატებისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენას. მუსიკალური ნომრები ანსამბლმა "სალბუნმა" წარმოადგინა, რომელიც ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრთან არსებობს და ბენეფიციარებისა და თანამშრომლებისგანაა დაკომპლექტებული. ღონისძიების მონაწილეებმა წაიკითხეს საკუთარი ლექსებიც.
დასასრულს შეხვედრის ორგანიზატორებმა, საზოგადოებაში არსებულ სტიგმის პრობლემაზე ისაუბრეს. "სურამის ფსიქიატრიულ კლინიკაში ხშირად მოსულან დამსვენებლები თხოვნით, რომ უფლება მიგვეცა "დაეთვალიერებინათ" პაციენტები. მაგრამ ეს ხომ ზოოპარკი არ არის, რომ სანახაობის ყურება იყოს შესაძლებლი?!", – აღნიშნა ერთ–ერთმა გამოსვლელმა.
საღამოს გამართვის მიზანი, სწორედ სტიგმის დამარცხების და საზოგადოების მცდარი შეხედულებების მსხვრევის სურვილი იყო, აღინიშნა შეხვედრაზე.
"ასეთი გასვლითი ღონისძიება აუცილებელია, რომ ამ ადამიანებმა სოციალური ფუნქცია მიიღონ. ესეც ერთგვარი თერაპიაა. ჩვენ ვცადეთ დაგვერღვია ეს ზღვარი, რაც საზოგადოებასა და მარგინალურ ჯგუფებს შორის არსებობს. საზოგადოებას მიაჩნია, რომ რადგან ადამიანი ფსიქიკურადაა დაავადებული, ამიტომ მას ფუნქცია არა აქვს და დაე, დარჩეს კედლებში იზოლირებული. ეს ასე არ არის! რაც ნახეთ დიდი გულწრფელობით,სიყალბეების გარეშე წარმოდგენილი შემოქმედებაა. მათ დიდი უნარები გააჩნიათ, როგორც ერთი ბენეფიციარი ამბობს: " მე იმდენად სულიერი ვარ არასოდეს მოვკვდები", – აღნიშნავს აკადემიკოს ბ. ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ცირა შვანგირაძე.
ავტორი: ეკა კუხალაშვილი