|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

უხელფასოდ დარჩენილი მუშები პრეზიდენტთან შეხვედრას გეგმავენ

ქუთაისში, ველობილიკების მშენებლობაზე დასაქმებული ადამიანები, დავალიანების ანაზღაურებას ითხოვენ. მათი განცხადებით, ერთი წელია კუთვნილი ხელფასი არ აუღიათ და მრავალჯერ მცდელობის მიუხედავად, მდგომარეობა არ შეცვლილა.

დახმარებისთვის მათ „ლეიბორისტული პარტიის“ ქუთაისის ორგანიზაციას მიმართეს.  ხელფასის მოთხოვნით, დღეს, ერთობლივად, მერიის წინ საპროტესტო აქცია გამართეს.

,,წელიწადი გავიდა და ვერ ავიღეთ კუთვნილი ხელფასი. აღმაშენებლის გამზირზე ტროტუარები დავაგეთ. სამუშაოები ჩატარებულია, მაგრამ დღემდე არავინ დაგვხმარებია, რომ ფული აგვეღო. რამდენჯერმე მივმართეთ მერიას. ვიცე–მერმა ჯიქიამ აიღო თავის თავზე ჩვენი პრობლემის მოგვარება.  მერიც დაგვპირდა დახმარებას. თავის დროზე, ღამეები გვამუშავეს, ველობილიკები  პრეზიდენტისთვის რომ დროულად ჩაებარებინათ. თავზე გვადგნენ მერიის თანამშრომლები ჯიქიას მეთაურობით. მაშინ, დაგვეძებდა ყველა, ახლა, აღარავის ვაინტერესებთ“ - ამბობს დაზარალებული მუშა გიორგი გულბანი.

„სამართლიანია მათი გულისწყრომა. „ლეიბორისტული პარტია“ ყოველთვის გვერდით დაუდგება სიმართლეს“ - აღნიშნა „ლეიბორისტული პარტიის“ ქუთაისის ორგანიზაციის წევრმა ბადრი ფორჩხიძემ.

საკითხთან დაკავშირებით, ადგილობრივ თვითმმართველობაში კომენტარის გაკეთებაზე უარს ამბობენ.

მუშების პროტესტი ეხება  ქუთაისში, აღმაშენებლის გამზირზე,  ველობილიკის მოწყობის სამუშაოებს, რომელიც კომპანია „ელბამ“ განახორციელა. მშენებლობაზე დასაქმებული მუშების თქმით, სამშენებლო კომპანია ,,ელბას“, თითოეული მათგანის მიმართ, დავალიანება 2000 ლარამდე აქვს. თავის მხრივ, „ელბას“ მიერ შესრულებული სამუშაოები, უხარისხობის გამო, ხელისუფლებამ არ ჩაიბარა, თავად კომპანიის საქმიანობას კი პროკურატურა სწავლობს.

მუშები კი აცხადებენ, რომ თუკი მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, ისინი 26 მაისს, აღლუმზე მისვლასა და პრეზიდენტთან შეხვედრას შეეცდებიან.

ავტორი: ხათუნა მაისურაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა