"ეკლესიას გააჩნია უფლებები, მაგრამ ამ უფლებებს არ მოჰყვება ვალდებულებები"
"რელიგიის თავისუფლება კანონმდებლობასა და რეალობაში" – აღნიშნულ თემაზე
ქუთაისის წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში დისკუსია გაიმართა.
დისკუსია საიას იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდის პროექტის "დასავლეთ საქართველოს სტიპენდიის პროგრამის" ფარგლებში მოეწყო.
შეხვედრაზე საიას იურისტებმა ეკლესიისა და სახელმწიფოს სამართლებრივი ურთიერთობის რამოდენიმე მოდელი განიხილეს. საუბარი შეეხო აღმსარებლობის თავისუფლების თემას, კონსტიტუციით მონიჭებულ გარანტიებს და რეალობას – რელიგიურ ნიადაგზე მოხშირებულ ძალადობის ფაქტებს.
შეხვედრაზე განიხილეს კონსტიტუციური შეთანხმებაც, რომელიც ბევრ პრივილეგიას ანიჭებს სმე–ს.
"ეკლესიას გააჩნია უფლებები, მაგრამ ამ უფლებებს არ მოჰყვება ვალდებულებები. იგივე ანგარიშვალდებულება საბიუჯეტო თანხის ხარჯვასთან დაკავშირებით. ეს არის სერიოზული პრობლემა, რაც გადაწყვეტას მოითხოვს", – განაცხადა საიას იურისტმა გიორგი გოცირიძემ.
გიორგი გოცირიძე კონკორდატის არსებობაში პრობლემას და დარღვევას ვერ ხედავს, თუმცა "დარღვევაა იმაში, რომ ეკლესიას გააჩნია ამ კონკორდატით ბევრი პრივილეგია, მათ შორის საგადასახადო შეღავათები, რითაც ვერ სარგებლობენ რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები", – აღნიშნა გიორგი გოცირიძემ.
შეხვედრას ესწრებოდნენ რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები.
საუბარი შეეხო მათ ჩამორთმეულ ქონებას და როგორც შეხევედრაზე ითქვა, სახელმწიფოს "სისუსტეს" აღნიშნული საკითხის მოგვარების საქმეში.
მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებასთან დაკავშირებით დამსწრე საზოგადოების მოსაზრებები გაიყო. თუმცა იურისტების აზრით "მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შემთხვევაში სახელმწიფოს გზას გაუხსნის, მეტი ჩარევის უფლებას მისცემს ეკლესიის საქმიანობაში. თავის მხრივ ეკლესიასაც ბევრ ვალდებულებას შესძენს. ამიტომ შესაძლოა არ იყოს იმაზე უარესი მდგომარეობა, ვიდრე დღეს არის", – აღნიშნა გიორგი გოცირიძემ.
ავტორი: ეკა კუხალაშვილი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა