პარლამენტის აპარატის უფროსი: პარლამენტში ჩაწყობები ზღაპარია
პარლამენტის აპარატის უფროსი ზურაბ მარაქველიძე newpress.ge-ს
მიერ გავრცელებულ მასალაზე კომენტარს აკეთებს.
მარაქველიძის თქმით, ის განცხადება, რომ პარლამენტში გამოცხადებულ ვაკანსიებზე თანამშრომლები წინასწარ აყვანილი ჰყავთ, ზღაპარი და არასერიოზულია.
პარლამენტის აპარატის უფროსის განცხადებით, საკანონმდებლო ორგანოში გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეთა მხრიდან საბუთების მიღება მიმდინარე წლის 7 მაისიდან დაიწყო და 20 მაისის ჩათვლით გრძელდებოდა. ზურაბ მარაქველიძის თქმით, სულ 3 000-მდე განაცხადადი შემოვიდა, თუმცა საბუთების შევსებისას 1500-მა ადამიანმა ხარვეზები დაუშვა.
„ჩვენ დაინტერესებული ვართ რაც შეიძლება მეტმა კვალიფიციურმა
კადრმა მიიღოს კონკურსში მონაწილეობა. ამიტომ ამ დამიანებს ხარვეზების გამოსწორების
ვადა მივეცით. ნაცნობ-მეგობრობა და ჩაწყობა რომ ყოფილიყო, ეგ არ მოხდებოდა. გარდა ამისა,
პარლამენტის გვერდზე კონკურსში მონაწილე პირებისათვის 5 000 ტესტი გამზადდა, რომ
მათ წინასწარ მომზადება შეძლონ,“ - ამბობს ზურაბ მარაქველიძე.
ზურაბ მარაქველიძის თქმით, ამ ეტაპზე აპლიკანტების რაოდენობის
გარკვევა მიმდინარეობს. 25 ივნისიდან კონკურსის პირველი ტური დაიწყება, რაც ტესტირებას
ითვალისწინებს. კონკურსანტებს 5 000 კითხვიდან 100 კითხვის ჩაბარება მოუწევთ, სადაც
სწორი პასუხების მაქსიმალური რაოდენობა 75 ქულაა. ამის შემდეგ თითოეულ ვაკანსიაზე საუკეთესო შედეგების მქონე ხუთ
კონკურსანტთან გასაუბრება მოხდება და 138 ვაკანტურ ადგილზე კადრები ამგვარი წესით შეირჩევა.
პარლამენტის აპარატის ხელმძღვანელის თქმით, კონკურსის
დასრულების თარიღი ამ დროისათვის უცნობია.
„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ კონკურსში
სუბიექტური ფაქტორი გამოვლენილი იყოს. ურწმუნო თომებისთვის სხვა არაფერი ვიცი,“ - ამბობს
მარაქველიძე.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე