ქუთაისის მერიაში სოციალურად დაუცველის განცხადება გაქრა
ქუთაისის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა
სამსახურში, სოციალურად დაუცველის განცხადება დაიკარგა.
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურს,
ერთჯერადი დახმარებისთვის, ქუთაისში, კუპრაძის ქუჩაზე მცხოვრებმა ციალა ახალაძემ,
ხუთი თვის წინ მიმართა.
"უკიდურესი გაჭირვების გამო, დახმარებისთვის სამსახურს
მივმართე. თუმცა თვეების მანძილზე, ჩემს განცხადებას რეაგირება არ მოჰყოლია. მეორედ
მიმართვისას სობესის თანამშრომელმა ელისო ბენდელიანმა კი განმიმარტა, რომ ბაზაში ჩემი
განაცხადი არ იძებნებოდა," – ამბობს ქუთაისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ციალა
ახალაძე.
56 წლის ციალა ახალაძე, ქუთაისში, კუპრაძის ქუჩა #10 ში ნახევრად ჭერცამოქცეულ სახლში ცხოვრობს. ახალაძე ამორტიზებული კედლების ჩამონგრევის
საშიშროების წინაშე ყოველდღე დგას.
"ჩემი მძიმე ავადმყოფობების გამო, გადაადგილებაც მიჭირს და ჭერი თუ არ გამაგრდა, ერთ დღეს ალბათ ნანგრევებში დავასრულებ სიცოცხლეს. სწორედ ამიტომ ვითხოვე დამხმარებოდნენ,“ – განმარტავს ახალაძე.
სოცილაურად დაუცველი ციალა ახალაძის ერთადერთი შემოსავალი 30 ლარიანი სოციალური დახმარებაა. მისი თქმით, განცხადების დაკარგვის გამო, დახმარების მისაღებად სოციალურ საკითხთა სამსახურში, მიმართვა ხელმეორედ, გასულ კვირას დააწერინეს.
ქუთაისის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა
სამსახურის უფროსი, კახა ქორიძე კი აცხადებს, რომ მას ახალაძის განცხდება ამ დრომდე არ უნახავს.
„ციალა ახალაძის განცხადება ჩემამდე არ მოსულა. საერთოდ, მიმდინარე წელს, სოციალურად დაუცველთა მომართვიანობა ძალიან მაღალი იყო. ამ მოქალაქის მდგომარეობით კი აუცილებლად დავინტერესდები და პირადად გავარკვევ ყველა უზუსტობას,“ – განაცხადა კახა ქორიძემ newpress.ge–სგან ინფორმაციის მიღების შემდეგ.
ავტორი: ანა ჯანაშია