ვანში "ნაციონალები" და "მეოცნებეები" შეთანხმებულად მოქმედებენ?
დღეს, ვანის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე ხმაური მოჰყვა
საკრებულოს ორი კომისიის თავმჯდომარეების გადარჩევას.
"ნაციონალმა" და "მეოცნებე" დეპუტატებმა ინფრასტრუქტურისა და ბუნებრივი რესურსების
დაცვის კომისიების თავმჯდომარეებს მუშაობა დაუწუნეს და თანამდებობები დაატოვებინეს.
აღნიშნულ კომისიებს „თავისუფალი დემოკრატები“ ხელმძღვანელობდნენ.
"დემოკრატების" განცხადებით, ვანში, „ნაციონალები“ და „ქართული ოცნება“ შეთანხმებულად მოქმედებენ. ამის მაგალითად „თავისუფალი
დემოკრატები“ საკრებულოს დღევანდელ სხდომას ასახელებენ.
„საკრებულოს
დღევანდელი გადაწყვეტილება პოლიტიკური გადაწყვეტილება და ჩვენზე შურისძიებაა, რადგან
საკრებულოს წინა სხდომაზე ჩვენ საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის
გია ოჩხიკიძის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი დავაყენეთ,“ - ამბობენ „დემოკრატები“.
საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი „დემოკრატების“
ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ მსგავსი რამ არ ხდება.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე