ქუთაისის ცენტრში ობიექტების 1 ლარად გადაცემას ითხოვენ
ქუთაისის ცენტრალურ ნაწილში მდებარე შენობებზე დაშენებული მანსარდების დაკანონებას ადგილობრივი მცხოვრებლები ითხოვენ.
ქალაქის ცენტრში, თამარ მეფის ქუჩა №2-ში მცხოვრებლები ქალაქის მერიას მიმართავენ, მათ საცხოვრებელ სახლზე დაშენებული დამატებითი სართულის სიმბოლურ ფასად გადაცემის მოთხოვნით.
ადგილობრივების განცხადებით, ისინი ქალაქის ხელმძღვანელობას იმ დაპირების შესრულებას სთხოვენ, რომელიც მანსარდების აშენების დროს მიიღეს.
„ადგილობრივი თვითმმართველობა მაშინ ჩვენს კუთვნილ შენობებზე დაშენებული დამატებითი სართულის სიმბოლურ ფასად გადმოცემას დაგვპირდა. თუმცა, პირობა ამდრომდე პირობად რჩება. თუკი მერიას ამის გაღება არ შეუძლია მზად ვარ ოთხი ლარით მეტი გადავიხადო და მანსარდები ხუთ ლარად შევისყიდო", - ამბობს თამარ მეფის ქუჩა №3-ში მდებარე კერძო ობიექტის მეპატრონე, ლია სვანიძე.
ანალოგიური მოთხოვნა აქვთ, თამარ მეფის ქუჩა №2-ში მცხოვრებლებს. ადგილობრივი მკვიდრის ლევან კილაძის განმარტებით, მათ საცხოვრებელ სახლებზე დაშენებული მანსარდი მოსახლეობას უნდა გადაეცეს.
ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ობიექტზე მანსარდების მშენებლობა 2012 წლის გაზაფხულზე დაიწყო. ქალაქის მაშინდელი მერი გიორგი თევდორაძე დამატებითი სართულების „განაწილების" რამდენიმე ვერსიაზე საუბრობდა. ერთ-ერთი ვერსია სწორედ ადგილობრივი მცხოვრებლებისათვის მანსარდების გადაცემას ითვალისწინებდა.
მანსარდები თამარ მეფის ქუჩა №2-ში, №30-ში, №4-ში, გელათის ქუჩა №2 და ფალიაშვილისა და ბროსეს ქუჩების კუთხის შენობა №51-ზე არის დაშენებული.
ადგილობრივ თვითმმართველობაში განმარტავენ, რომ მოსახლეობის მოთხოვნა ლოგიკურია. თუმცა, მოთხოვნის შესრულება ამ ეტაპზე თვითმმართველობის ძალებს აღემატება.
რატომ ვერ ასრულებს დაპირებას თვითმმართველობა და ვისზე გადის პასუხისმგებლობა. ნახეთ სტატია მალე newpress.ge-ზე.
რა ხდება რეაბილიტირებულ მანსარდებს მიღმა? – იხილეთ ფოტოგალერეა
ავტორი: თეკლა მორგოშია