ჟურნალისტთა აქცია ლეიკემიით დაავადებული ბავშვების გადასარჩენად ხვალ ქუთაისშიც გაიმართება
25 ივნისს, 13:00 საათზე, თბილისში (პარლამენტის ძველი შენობის წინ) დაგემილ ჟურნალისტთა საპროტესტო აქციას ქუთაისელი ჟურნალისტებიც უერთდებიან.
ლეიკემიითა და სოლიდური სიმსივნეებით დაავადებული ბავშვების გადასარჩენად გაერთიანებული ჟურნალისტები ხელისუფლებას მოვალეობის შესრულებას მოთხოვენ.
ქუთაისში, ჟურნალისთა აქცია საქართველოს
პარლამენტის წინ, ასევე, 13:00 საათზე გაიმართება.
ლეიკემიით დაავადებული 12 წლის მირზა ცეცხლაძის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.
მისი გადარჩენა მხოლოდ ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის შემთხვევაშია შესაძლებელი. თუ კი 10 დღის განმავლობაში ბავშვის კლინიკაში ( ვერონა, იტალია) გაგზავნა ვერ მოხერხდება, ის დაიღუპება. კლინიკა მოწვევას მხოლოდ მაშინ გამოგზავნის, როცა სამკურნალოდ საჭირო თანხა კლინიკის ანგარიშზე ჩაირიცხება. თანხა 100 000 ევროს შეადგენს.
„დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდმა“ და მირზა ცეცხლაძის ოჯახმა კეთილი ადამიანების დახმარებით ამ თანხის ნახევრის მობილიზება შეძლეს. დრო ამოიწურა, ბავშვის სიცოცხლის გადარჩენა კი მხოლოდ ამ თანხაზეა დამოკიდებული.
აქციის ორგანიზატორია „დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდი“.
ავტორი: ნიუპრესი