ვახტანგ ხმალაძე – საპრეზიდენტო არჩევნებამდე იმპიჩმენტის დაყენებით ძალაუფლება ისევ პრეზიდენტს დარჩება
პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე, ვახტანგ ხმალაძე, პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის დაყენებას საფრთხის შემცველად მიიჩნევს.
როგორც ხმალაძე განმარტავს, იმპიჩმენტი რთული პროცესია და შესაძლოა საპრეზიდენტო არჩევნებამდე ვერ მოესწროს, ხოლო იმ შემთხვევაში თუ მოესწერება, პრეზიდენტის ძალაუფლება უცვლელი დარჩება.
ვახტანგ ხმალაძე იმ პროცედურებს განმარტავს, რომელსაც იმპიჩმენტი ითვალისწინებს. მისი თქმით, ჯერ უნდა მოხდეს ბრალის დაწერა, რომელსაც დეპუტატები მოაწერენ ხელს. ხოლო, იმის მიხედვით, იმპიჩმენტის საფუძველი კონსტიტუციის დარღვევა იქნება თუ დანაშაულის ნიშნების არსებობა, ბრალი უზენაეს და საკონკსტიტუციო სასამართლოებში გადაიგზავნება.
სასამართლოში საქმის განხილვის შემდეგ კი საკითხი პარლამენტში დაბრუნდება.
„პრეზიდენტისათვის იმპიჩმენტის გამოსაცხადებლად „ქართულ ოცნებას“ 100 ხმა სჭირდება, რაც უმრავლესობას არ აქვს. მე არ იცი, გია ჟორჟოლიანი რა საფუძვლით ცდილობს იმპიჩმენტის აღძვრას, მაგრამ თუ ეს საპრეზიდენტო არჩევნებამდე მოესწრება, პრეზიდენტს ისევ დარჩება ხელში უზარმაზარი ძალაუფლება და ეს ძალაუფლება მთავრობის ხელში არ გადავა,“ – ამბობს ვახტანგ ხმალაძე.
შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, გია ჟორჟოლიანმა გუშინ განცხადება გააკეთა, რომლის მიხედით, ის პრეზიდენტის იმპიჩმენტის წესით გადაყენებას დაიწყებს.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე