გიორგი ბარამიძე - ბიზნესის და მიწების ჩამორთმევა დანაშაული იყო, რომელიც უნდა ვაღიაროთ
სიახლეები -
2013-06-30 17:54:04
"ჩვენ გვქონდა 9 წლის მმართველობის პერიოდში ძალიან ბევრი შეცდომა და ეს უნდა ვაღიაროთ. ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა იყო სიმკაცრე ყველა სფეროში, განსაკუთრებით, ბიზნეს-სექტორში. ეს იმიტომ ხდებოდა, რომ ქვეყანაში იყო ქაოსი, როცა "ნაციონალური მოძრაობა" ჩაუდგა სათავეში ქვეყანას, მაგრამ შემდეგში ასეთი ზომის სიმკაცრე არ იყო საჭირო და ეს ვერ გავთვალეთ. იყო ბიზნესის ჩამორთმევა, მიწების ჩამორთმევა და ეს იყო დანაშაული, რომელიც უნდა ვაღიაროთ და რომელზეც, მე პირადად, პასუხისმგებლობას არ ვიხსნი," - განაცხადა ქუთაისში, ოპერის თეატრში "ნაციონალური მოძრაობის" პრედიზენტობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, გიორგი ბარამიძემ.
ბარამიძის განმარტებით, მისი, როგორც "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლის მთავარი პრიორიტეტი საჯაროობა, ხალხთან დიალოგი და ნაკლები სიმკაცრე იქნება.
"რაც შეეხება "ნაციონალური მოძრაობის" წარმატებებს, ამაზე საუბარი არ ღირს იმდენად, რამდენადაც ჩვენი წარმატება ცნობილია და ჩვენი მიზანია შეცდომების გასწორება," - განაცხადა ბარამიძემ ქუთაისის ოპერის თაეტრში მიმდინარე პრაიმერის დროს.
შეგახსენებთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე თავიანთი კანდიდატურის წარსადგენად "ნაციონალური მოძრაობა" პრაიმერს ატარებს, რომელშიც დავით ბაქარაძე, გიორგი ბარამიძე, შოთა მალაშხია და ზურაბ ჯაფარიძე მონაწილეობენ.
პრაიმერი, დღეს, ქუთაისიდან დაიწყო და რადმენიმე ქალაქში გაგრძელდება. პრაიმერში მონაწილე პრეზიდენტობის კანდიდატებს, თითოეულ შეკითხვაზე პასუხის გასაცემად, 5 წუთი აქვთ. პრაიმერის დასრულების შემდეგ, ფარული კენჭისყრით, 4 კანდიდატს შორის ერთ-ერთის არჩევა მოხდება.
პრაიმერი 28 ივლისს დასრულედება.
ავტორი: თეკლა მორგოშია