|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის 24–საათიან წყალმომარაგებაზე ხელშეკრულება გაფორმდა

ქუთაისის, ფოთისა და ანაკლიის 24–საათიანი წყალმომარაგების მიზნით სამუშაოები დაახლოებით ერთ თვეში დაიწყება. ამის შესახებ რეგიონული განვითარების მინისტრმა დავით ნარმანიამ დღეს, წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის სერვის–ცენტრში განაცხადა.

კომპანიის სერვის–ცენტრში კონტრაქტორ ფირმასთან ხელშეკრულების გაფორმებას დავით ნარმანიასთან ერთად წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი არჩილ ცაბუტაშვილი, ქუთაისისა და ფოთის მაჟორიტარები, ქუთაისის მერი და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.

წყალმომარაგების კომპანიის კონტრაქტორ ესპანურ ფირმასთან გაფორმებული ხელშეკრულების მთლიანი ღირებულება 60 მილიონ ლარამდეა.  დავით ნარმანიას განცხადებით, აზიის განვითარების ბანკის მიერ დაფინანსებულ პროექტში ადგილობრივები დასაქმდებიან.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, სამუშაოების შემსრულებელ კომპანიას ტექნიკის მობილიზებისა და სამუშაოების დასაწყებად ერთთვიანი ვადა მიეცემა.

„ჩვენმა ხელისუფლებამ სერიოზული გადაწყვეტილება მიიღო. საშვილთაშვილოდ გადაწყდება წყალმომარაგების პრობლემა და ქუთაისში უწყლობაზე აღარ იქნება საუბარი,“ – ამბობს ქუთაისის მაჟორიტარი გუბაზ სანიკიძე.

წყლის სისტემის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში ქუთაისში 26 მილიონ 422 935 ლარი დაიხარჯება, რის შედეგადაც 14 000 ოჯახს 24–საათიანი წყალმომარაგება ექნება, ხოლო 36 000 ოჯახი წყალს გაუმჯობესებული სისტემით მიიღებს.

დღესვე, მინისტრმა და წყლის კომპანიის წარმომადგენლებმა გელათის ქუჩაზე მცხოვრებლები მოინახულეს, რომელთაც წყლის მიწოდების  პრობლემა აქვთ.   

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა