|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

არასამთავრობოების საარჩევნო რეკომენდაციები ხელისუფლებას

არასამთავრობო ორგანიზაციებმა ქუთაისში იმ რეკომენდაციების სამუშაო ვერსია წარმოადგინეს, რომელიც  პარლამენტში შექმნილ საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ინტერფრაქციულ ჯგუფს უკვე გააცნეს.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“, „სამართლიანი არჩევნებისა“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ შემუშავებული რეკომენდაციები ამომრჩეველთა სიების ფორმირების ახალ წესს, ამომრჩევლის მოსყიდვას, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებებისა და საარჩევნო სუბიექტების დაფინანსებას, აუდიტის სამსახურის დამოუკიდებლობასა და მედიის მიერ წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქებას შეეხება.

დღეს მოქმედი კანონმდებლობით, ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირება სხვადასხვა საჯარო დაწესებულებების მიერ ცესკოსათვის მიწოდებული სიების საფუძველზე ხდება. ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ ამომრჩეველთა  სიის ფორმირებაზე პასუხისმგებლობა ერთმა კონკრეტულმა ორგანომ, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ უნდა აიღოს.

სიების შედგენა ბიომეტრიული მონაცემებით მოხდება, რაც იმას ნიშნავს, რომ პირის ფოტოსურათი დამუშავდება და ის ამომრჩეველთა ბაზაში არსებულ სხვა მონაცემებს შედარდება. ბიომეტრიული მონაცემებით სიების შედგენა 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართელობის არჩევნებისათვის უნდა დასრულდეს.

რაც შეეხება ამომრჩევლის მოსყიდვას, ორგანიზაციები თვლიან, რომ ამომრჩევლის მოსყიდვის საკანონმდებლო რეგულირება ბუნდოვანია. ამიტომ,  მათი აზრით, მნიშნელოვანია ბუნდოვანი განმარტებების ამოღება.

ამომრჩეველთა მოსყიდვისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის სახით  ჯარიმის ან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრისას, არასამთავრობოების აზრით, ისეთი სოციალური ფაქტორები უნდა გაითვალისწინონ, როგორიცაა უმუშევრობის პრობლემა, სიღარიბის მაჩვენებელი და  ამომრჩევლის ცნობიერების დაბალი დონე.

გარდა ამისა, საიას, სამართლიანი არჩევნებისა და საერთაშორისო  გამჭვირვალობა-საქართველოს რეკომენდაციები  პოლიტიკური პარტიების დაფინანსების კანონმდებლობის დარღვევისათვის დადგენილ სანქციებს შეეხება. ორგანიზაციები თვლიან, რომ სანქციები საკმაოდ მაღალია და ჯარიმა სადავო  თანხის არა ხუთმაგი, არამედ ორმაგი ოდენობით უნდა განისაზღვროს.

არასამთავრობო ორგანიზაციების კიდევ ერთი რეკომენდაცია პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის განმახორციელებელი ორგანოს, აუდიტის სამსახურის დამოუკიდებლობასაც შეეხება. არასამთავრობოები თვლიან, რომ სამსახურის პოლიტიკური გავლენისაგან დაცვის მიზნით, შეზღუდვები უნდა დაწესდეს სამსახურის მაღალი თანამდებობის პირებზე როგორც მათ მიერ თანამდებობაზე ყოფნის, ისე თანმადებობის დაკავებამდე გარკვეული პერიოდის განმავლობაში და უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში.

რაც შეეხება მედიის მიერ წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქებას, ამ კუთხით გაცემულ ერთ-ერთ რეკომენდაციას ფარული რეკლამის ცნების განსაზღვრა და უფასო პოლიტიკური რეკლამის განთავსების შემთხვევაში მაუწყებლბისათვის საეთერო დროის ღირებულების ბიუჯეტიდან ანაზღაურება წარმოადგენს. 

არასამთავრობო სექტორის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების კანონში ასახვა პარლამენტმა უნდა უზრუნველყოს, თუმცა ამ დროისათვის უცნობია, როდის მოხდება მათი გაზიარება, რადგან პარლამენტმა საგაზაფხულო სესია უკვე დახურა და რიგგარეშე სესიების რეჟიმზე გადადის. 

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა