ნასვამ მძღოლებზე სანქციები მკაცრდება
სატრანსპორტო საშუალებების ნასვამ მდგომარეობაში მართვაზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მკაცრდება. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილება პარლამენტში უკვე ინიცირებულია. ცვლილების მიხედვით, სატრანსპორტო საშუალების ნასვამ მდგომარეობაში მართვის შემთხვევაში მძღოლს მართვის მოწმობა ავტომატურად, 1 წლის ვადით ჩამოერთმევა.
ანალოგიური დარღვევის შემთხვევაში კი, 18 წლამდე ასაკის მოზარდს მართვის უფლება 2 წლით ჩამოერთმევა.
ცვლილებებით, 300 ლარით ისჯება წინასწარი შეცნობით ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი პირისთვის სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა. კანონპროექტში წერია, რომ აღნიშნული სამართალდარღვევების ჩადენა, როდესაც სატრანსპორტო საშუალების მძღოლს არა აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ან ეს უფლება ჩამორთმეული აქვს სხვა დარღვევებისათვის, 700 ლარით დაჯარიმდება; ასევე, 700 ლარით დაჯარიმდება პირი, რომელიც წინასწარი შეცნობით მანქანას არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ პირს წლის განმავლობაში განმეორებით გადასცემს; განმეორებითი დანაშაულის შემთხვევაში, ჯარიმის მოცულობა 1000 ლარამდე გაიზრდება, ან 15 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდება.
ცვლილებათა პაკეტი გარკვეულ გამონაკლისსაც ითვალისწინებს, კანონპროექტში მითითებულია, რომ ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვის შემთხვევაში, განსაკუთრებული გარემოებების გამოვლენისას, საქმის განმხილველ ორგანოს შეუძლია, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა 700-ლარიანი ჯარიმით ჩაანაცვლოს.
აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის მოქმედი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, სატრანსპორტო საშუალებების ნასვამ მდგომარეობაში მართვა საჯარიმო სანქციას ითვალისწინებს. წინასწარი შეცნობით, სატრანსპორტო საშუალების ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი პირისთვის გადაცემა, 250 ლარით ჯარიმდება, განმეორებითი დანაშაული კი, 500 ლარით.
კომიტეტებში კანონპროექტის განხილვა 12 ივლისიდან დაიწყება.
ავტორი: newpress.ge