სასამართლო განაჩენები ციხეში წამების ფაქტებზე
„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ 2013 წლის 1 ივლისს განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა 2012 წლის 1 ოქტომბრიდან განცხადების მიღების მომენტამდე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის კოდექსის 1441 (წამება) და 1443 (დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა) მუხლებით განხილული საქმეების ოდენობა და მიღებული გადაწყვეტილებების (განაჩენის) ასლები. მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2012 წლის 1 ოქტომბრიდან დღემდე, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის კოდექსის 1441 და 1443 მუხლებით განხილული იქნა სულ ორი სისხლის სამართლის საქმე. თბილისის საქალაქო სასამართლომ განხილული საქმეების შესახებ მიღებული ორი გადაწყვეტილებიდან მოგვაწოდა მხოლოდ ერთი გადაწყვეტილება, პერსონალური მონაცემების გარეშე – დაშტრიხული სახით. სასამართლოს მიერ მეორე გადაწყვეტილების მოწოდებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენდა სისხლის სამართლის საქმის განხილვა დახურულ სხდომაზე, რის გამოც თბილისის საქალაქო სასამართლომ უარი თქვა მოეწოდებინა დახურულ სასამართლო სხდომაზე დადგენილი განაჩენის ასლი პროცესის მონაწილე პირთა უფლებების დაცვისა და სახელმწიფო, პროფესიულ, პირად ან კომერციულ საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციის გახმაურების თავიდან აცილების მიზნით. სავარაუდოთ აღნიშნული საქმის ქვეშ იგულისხმება სასჯელაღსრულების გლდანის N8 დაწესებულების პატიმართა წამების და არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობის ფაქტებზე, ბრალდებულების ვლადიმერ ბედუკაძის, გაგა მკურნალიძის, მამუკა ჩხიტუნიძის და სხვათა მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი.
წყარო: http://www.idfi.ge/?cat=news&topic=397&lang=ka
© ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI). 2013 წელი. ყველა უფლება დაცულია
ავტორი: www.idfi.ge