|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

თეა წულუკიანის წერილი მიხეილ სააკაშვილს

იუსტიციის მინისტრის პრეზიდენტისადმი გაგზავნილ წერილს \\\"ნიუპრესს.გე\\\" უცვლელად გთავაზობთ: 


\\\"ბატონო მიხეილ, მოგმართავთ დღევანდელი, თქვენი სახელით ჩემდამი გამოგზავნილი წერილის პასუხად. 
ბრალდებულ ვ. ბედუკაძესთან მიმართებაში საქართველოს მთავარი პროკურორის მიერ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 218-ე მუხლით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენების თაობაზე ჩემს მიერ არაერთი საჯარო განცხადება და ნეგატიური შეფასებაც გაკეთდა. ჩემი განცხადებების შესახებ, რომლებიც დიდწილად ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მოთხოვნებს ეხებოდა, როგორც ჩანს, თქვენთვის ცნობილია, რადგან წერილში იმეორებთ იმავეს. 
საქართველოს იუსტიციის მინისტრად ჩემი დამტკიცების პირველი დღიდანვე პროკურატურა გახდა პოლიტიკური წნეხისა და შეკვეთებისგან თავისუფალი. ამან პირდაპირ იქონია დადებითი გავლენა მოსამართლეებზეც, რომლებიც უკვე აღარაფერზე გაცვლიან იმ თავისუფლებას, რომელიც რამდენიმე თვის წინ მიიღეს. თქვენი პოლიტიკური გუნდის მიერ ეს არ გაკეთებულა. სამაგიეროდ, ეს გააკეთა ახალმა პოლიტიკურმა გუნდმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით. 
როგორც იუსტიციის მინისტრი, რომლისთვისაც დამოუკიდებელ, კომპეტენტურ და ძლიერ პროკურორთა კორპუსის ყოლა არის სახელმწიფო პრიორიტეტი, არ მივიჩნევ მიზანშეწონილად, გამოვიყენო \\\"პროკურატურის შესახებ\\\" საქართველოს კანონის მე-9 მუხლით მონიჭებული უფლებამოსილება და შემოვიდე წარდგინებით მთავარი პროკურორის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, რაც უნდა არ მომწონდეს პირადად მე, როგორც პოლიტიკურ ფიგურასა და ადამიანის უფლებათა სფეროს სპეციალისტს, ის გადაწყვეტილება, რომელიც მთავარმა პროკურორმა მისი საპროკურორო უფლებამოსილების ფარგლებში სრულიად დამოუკიდებლად მიიღო და რომელიც, სხვათა შორის, აგრეთვე, სრულიად დამოუკიდებლად დაამტკიცა მოსამართლემ. რა თქმა უნდა, მთავარი პროკურორის მხრიდან ჩემი წინასწარი ინფორმირება ამ თემაზე უკეთესი იქნებოდა, მაგრამ ის არის პროკურორი და თქვენც ჩემთან ერთად მოგიწევთ, პროკურორებისა და მოსამართლეების პატივისცემა, რათა აღარ ითვლებოდეს საქართველოში, რომ პროკურორი ან მოსამართლე დოქია, რომელსაც, საითაც მოესურვებათ პრეზიდენტებს, მინისტრებსა და სხვა პოლიტიკოსებს, იქით მოაბამენ ყურს. მოსამართლე, პროკურორი და ადვოკატი − ეს არის ის სამი პროფესია, რომელთაც თქვენც და მეც პატივი უნდა ვცეთ, თუკი მართლმსაჯულების რეალური დამოუკიდებლობა გვსურს. ჩემი კონკრეტული მოვალეობა სხვაცაა − რიგითი პროკურორების კომპეტენციის ამაღლება, პროფესიული სინდისის განმტკიცება და მათთვის დაცულობის განცდის შექმნა, რაც ადრე არ გაკეთდა, რადგან პროკურორი ჩემს წინამორბედს მხოლოდ უკანონო დავალებების შესასრულებლად და შემდეგ გასაწირად უნდოდა.
დღეს საქართველოს პროკურორთა კორპუსს რთული ჟამი უდგას. როგორც სასამართლოებში, ისე პროკურატურაში, თქვენ და თქვენმა პოლიტიკური გუნდმა მძიმე მემკვიდრეობა დაგვიტოვეთ. ამიტომაც არის გასაკვირი თქვენი ჩემდამი დღევანდელი მომართვა და თქვენი საპრეზიდენტო უფლებამოსილების ბოლო თვეებში ამგვარი გამამაცურება.
სად იყავით მაშინ, როცა ჩემს სამუშაო მაგიდაზე სტრასბურგის სასამართლოში წლების განმავლობაში ყოველდღე ორმოცამდე ნაწამები თუ უკანონო განაჩენით გაწამებული პატიმრის საქმე იყრიდა თავს?! ან მაშინ, როცა გირგვლიანს სასაფლაოზე ყელი გამოსჭრეს თქვენმა მაღალჩინოსნებმა?! სად იყავით მაშინ, როცა მოხდა ტრაგედია, სახელად − \\\"არასრულწლოვანი გვანცა ყუფარაძის განაჩენი\\\"?! სად იყავით და რა გეზეიმებოდათ მაშინ, როცა 26 მაისს საქართველოს მოქალაქეები − თქვენი მოქალაქეები, რუსთაველის გამზირზე ხელ-ფეხშებოჭილნი და ღირსებაშელახულნი ძირს იწვნენ?! სად იყავით, როცა პროკურატურაში ბიზნესმენებს იბარებდნენ \\\"მეგობრული საუბრებისთვის\\\" და პარალელურად, ჩემი წინამორბედი მათი ოჯახის წევრებს ქონების დათმობის, ჩუქების ან კიდევ იუსტიციის სახლების უფასოდ შენების ან მოწყობის თანხმობას ართმევდა?! სად იყავით, როცა კეთდებოდა ის 17 000 უკანონო ფარული ჩანაწერი, რომლებიც ახლა აღმოვაჩინეთ და რომლებზეც ჩვენი მოქალაქეთა პირადი ცხოვრება ან კიდევ ადამიანის ღირსების წინააღმდეგ ოფიციალურ პირთა მიერ ჩადენილი დანაშაულები, მათ შორის, წამებაა ასახული?! 
რომელი ერთი გკითხოთ, პრეზიდენტო. თუნდაც, სად იყავით მაშინ, როცა საპროცესო კოდექსის სწორედ ის 218-ე მუხლი დაწერა თქვენმა გუნდმა, რომლის შედეგსაც ახლა ასე გამალებით აპროტესტებთ? არა მხოლოდ ეს მუხლი, არამედ თავად საპროცესო შეთანხმება საჭიროებს რეფორმას, რადგან ის თქვენ ფულის სანაცვლოდ თავისუფლებით ვაჭრობის ინსტიტუტად აქციეთ და ამ რეფორმას ჩვენ ბოლომდე მივიყვანთ.
თქვენი მხრიდან ახლა ადამიანის უფლებებზე აპელირება დაგვიანებულია. ის, რომ თქვენ თქვენს მთავრობაში \\\"სადისტები და მოძალადეეები შეგეპარნენ\\\", ჩვენი მთავრობის საქმეს არ აადვილებს. ჩემი, მთავრობის ერთი რიგითი წევრის მოკრძალებული შემოთავაზება იქნებოდა, მოგვცეთ საშუალება, მივხედოთ იმ მძიმე მემკვიდრეობას, რაც დაგვხვდა. თქვენ ჩემსავით კარგად უწყით, რომ საქართველოს სახელმწიფოს სასიცოცხლოდ სჭირდება, რაც შეიძლება მალე გადაშალოს ცხრა წლიანი მმართველობით გამოწვეული ნეგატიური შედეგების ფურცელი, დაარქვას მას ერთხელ და სამუდამოდ \\\"წარსული\\\" და იყუროს მხოლოდ მომავლისკენ\\\", - აცხადებს იუსტიციის მინისტრი. 

ავტორი: newpress.ge

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა