რატომ მიემგზავრება პატრიარქი ხვალ მოსკოვში?
23 ივლისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II, თანმხლებ პირებთან ერთად, რუსეთის პატრიარქის, უწმინდესი კირილეს მიწვევით, ოფიციალური ვიზიტით, მოსკოვში მიემგზავრება, რათა მონაწილეობა მიიღოს რუსეთის გაქრისტიანების 1025 წლის საიუბილეო თარიღის აღნიშვნაში. სადღესასწაულო ღონისძიებები გაიმართება მოსკოვში, კიევსა და მინსკში.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ოფიციალური დელეგაციის შემადგენლობაში არიან: ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის, აშშ-სა და ჩრდილოეთ ამერიკის ქართული სამრევლოების მმართველი, მიტროპოლიტი, დიმიტრი (შიოლაშვილი), საქართველოს საპატრიარქოს საგარეო განყოფილების თავმჯდომარე, ზუგდიდ-ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე), კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), თბილისის სასულიერო სემინარია-აკადემიისა და საღვთისმეტყველო ინსტიტუტის რექტორი, სიონის საპატრიარქო ტაძრის წინამძღვარი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, არქიმანდრიტი დავითი (ჭინჭარაული).
ვიზიტის ფარგლებში კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, თანმხლებ პირებთან ერთად შეხვდება: მოსკოვში _ მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქს, უწმინდეს კირილეს; კიევში _ კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტ ვლადიმერს; მინსკში _ სრულიად ბელორუსის საპატრიარქო ეგზარქოსს, მინსკისა და სლუცკის მიტროპოლიტ ფილარეტს.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ხელმძღვანელობით თბილისში 30 ივლისს დაბრუნდება.
ავტორი: ია ბობოხიძე