ქუთაისში ტრანსპორტზე ფასის მომატების საკითხს სპეციალური ჯგუფი შეისწავლის
ქუთაისში, საავტობუსო ხაზების მძღოლების გაფიცვასთან დაკავშირებით, მერიაში სპეციალური სამუშაო ჯგუფი შეიქმნება.
როგორც მერიაში განმარტავენ, აღნიშნული ჯგუფი დააკვირდება, თუ რამდენად შესაძლებელია საქალაქო ტრანსპორტზე ტარიფის ღირებულების გაზრდა.
ქუთაისის მერმა დიმიტრი კოპალიანმა, დღეს საკრებულოს ფრაქცია "საქართველოს პატრიოტთა ალიანსთან" შეხვედრისას განაცხადა, რომ აუცილებელია შესწავლილი იქნას საქალაქო ტრანსპორტის მუშაობის სპეციფიკა.
"უნდა შევისწავლოთ არსებობს თუ არა იმის აუცილებლობა, რომ ტრანსპორტის ღირებულება გავზარდოთ და დავაკმაყოფილოთ გაფიცული მძღოლების მოთხოვნა. თუმცა ტრანსპორტის საკითხი ოთახში უნდა გადაწყდეს და არა ქუჩაში. თან ისე, რომ მოსახლეობა არ დაზარალდეს,"- ამბობს ქუთაისის მერი დიმიტრი კოპალიანი.
საკრებულოს ფრაქცია "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" თავმჯდომარის, კახა ნემსიწვერიძის განმარტებით, ტრანსპორტის საკითხი ძალიან მტკივნეული და აქტუალური თემაა. მისიევე თქმით, ფრაქციის წევრები ქალაქის პირველი პირის გადაწყვეტილებას ეთახმებიან: "ქუთაისის მერმა გასცა ბრძანება სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ და სავარაუდოდ, ამაზე მუშაობა უახლოეს დღეებში დაიწყება," - ამბობს ნემსიწვერიძე.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისში საქალაქო საავტობუსო ხაზების მძღოლები გუშინ გაიფიცნენ. ისინი საავტობუსო ხაზებზე მგზავრობის ღირებულების გაზრდას 30 თეთრიდან 40 თეთრამდე მოითხოვენ.
ავტორი: თეკლა მორგოშია
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა