ქუთაისის "ოცნება" – ივანიშვილი არ არის ის კაცი, რომელიც ერთს ლაპარაკობს, მეორეს აკეთებს და მესამეზე ოცნებობს
„ქართული ოცნების" ქუთაისის
ორგანიზაციაში მათი აქტივისტების თანამშრომლობას „ბურჯანაძე–დემოკრატებთან“ არ ადასტურებენ.
„არანაირი სიახლოვე ჩვენსა და
ბურჯანაძე – დემოკრატების აქტივისტებს შორის არ არსებობს, ეს სიცრუეა,“ – ამბობს „ქართული
ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარე, მანანა მიქაძე.
მისივე თქმით, ასევე სიცრუეა ინფორმაცია საქართველოს პრემიერ–მინისტრ
ბიძინა ივანიშვილსა და საპრეზიდენტო კანდიდატ, ნინო ბურჯანაძეს შორის გარიგების შესახებ.
„ბიძინა ივანიშვილსა და ნინო ბურჯანაძის
შორის არანაირი შეთანხმება არ არსებობს. ეს არის ვიღაც ავადმყოფის გონებაში მომზადებული
სისულელე. ბიძინა ივანიშვილი არ არის ის კაცი, რომელიც ერთზე ლაპარაკობს, მეორეს აკეთებს
და მესამეზე ოცნებობს. ასე, რომ მის მიერ წარდგენილი საპრეზიდენტო კანდიდატი, გიორგი მარგველაშვილი, ღირსეული
კანდიდატია და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მის შესახებ თითოეულ ადამიანამდე
მივიდეს ინფორმაცია,“ – ამბობს მანანა მიქაძე.
როგორც „ქართული ოცნების" ქუთაისის ორგანიზაციის
წევრები ამბობენ, ისინი საპრეზიდენტო არჩევნებთან
დაკავშირებულ საქმიანობას აქტიურად ეწევიან.
„ტყუილია თითქოს ქუთაისში საპრეზიდენტო
არჩევნებთან დაკავშირებით არ დაწყებულა სააგიტაციო საქმიანობა. ამ ინფორმაციას ავრცელებს
ის ძალა, რომელსაც "ქართული ოცნება" ყელზე აქვს დამდგარი,“– განმარტავს მიქაძე.
მისივე თქმით, ქუთაისში „ქართული ოცნების“ საარჩევმნო შტაბი რამდენიმე დღეში გაიხსნება.
შეგახსენებთ, რომ newpress.ge–ს ინფორმაციით "ოცნების" ქუთაისის ორგანიზაციაში საპრეზიდენტო კანდიდატის, გიორგი მარგველაშვილის პიარ–კამპანიის წარმართვისათვის ცენტრალური ოფისიდან დირექტივები ამ დრომდე არ მიუღიათ. ასევე, არსებული ინფორმაციით, "ოცნების" აქტივისტები, ამავე დროს ნინო ბურჯანაძის საარჩევნო შტაბებთან აქტიურად თანამშრომლობენ.
ავტორი: ანა ჯანაშია