ქუთაისში უფუნქციოდ დარჩენილ შენობებს მიღმა ჩინოვნიკები დგანან?
პარტია „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაციის ინფორმაციით, ქუთაისში უფუნქციოდ დარჩენილი შენობის მიღმა, კორუფციული სქემები და ჩინოვნიკთა ინტერესები იმალება. რის გამოც, ორგანიზაციის ხელმძღვანელი გოგი წულაია გამოძიების მოთხოვნით, პროკურატურას მიმართავს.
წულაია, მიმართვას ასევე, ქუთაისის მერის მისამართითაც აჟღერებს და აცხადებს, რომ ის ქალაქში უფუნქციოდ დარჩენილი ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის ბედით უნდა დაინტერესდეს.
„ტურიზმის ცენტრი ჯერ გაარემონტეს, მასზე 50,000 დოლარი დახარჯეს და შემდეგ გააპარტახეს. რაზეც ყურს არავინ აპარტყუნებს. ეს ყველაფერი კი მიზანმიმართულად ხდება. მართალია ქალაქის ახალ მერს მძიმე მემკვიდრეობა ერგო, თუმცა მოვითხოვ, ამ საკითხით დაინტერესდეს,“– ამბობს გოგი წულაია.
წულაიას განმარტებითვე, ქალაქში უფუნქციოდ დარჩენილი სხვა შენობების მიღმა ჩინოვნიკების ინტერესები იკვეთება. „უფუნქციოდ დარჩენილია ქუთაისში სასწრაფოს შენობა, რომელიც ზარზეიმით გახსნეს. ასევე N44 სკოლის შენობა, რომელიც ჯერ გაარემონტეს, შემდეგ გააუმეს. ახლა კი მისი მესაკუთრე, ქალაქის ყოფილი მერი, გიორგი თევდორაძეა. შესაბამისად, ეს იყო და არის ბიუჯეტიდან ფულის მიტაცებისა და გათეთრების კლასიკური ხერხი. რაც აუცილებელია პროკურატურამ გამოიძიოს,“ – აცხადებს წულაია.
უფუნქციუოდ დარჩენილი ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი ქუთაისში უკვე ერთი წელია რაც მიტოვებულია. ცენტრის თანამშრომლები მიზეზად, უხარისხოდ აშენებულ შენობას ასახელებენ.
ავტორი: ანა ჯანაშია