|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ჭიათურის მაღაროში ადამიანთა დაღუპვის ფაქტზე სახალხო დამცველი მთავრობას მიმართავს

საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი 2013 წლის 13 აგვისტოს ჭიათურის „ითხვისის“ მაღაროში ადამიანთა დაღუპვის ფაქტზე მთავრობას მიმართავს და მოუწოდებს  მაქსიმალურად სწრაფად დაიგეგმოს კონკრეტული ღონისძიებები სამუშაო ადგილებზე შრომის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით. 

სახალხო დამცველის განცხადებით, ჭიათურის მაღაროში ადამიანთა დაღუპვის სამწუხარო ფაქტი კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ შრომის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს მთავრობამ დროულად უნდა გადადგას ქმედითი ნაბიჯები.
\"სამუშაო ადგილებზე შრომის უსაფრთხოების შემაშფოთებელი მდგომარეობის გამო სახალხო დამცველმა საქართველოს მთავრობას რეკომენდაციით ჯერ კიდევ 2013 წლის   2 ივლისს მიმართა. 
2007 წლიდან მოყოლებული, კატასტროფულად მატულობს გარდაცვალებისა და დაზიანების ფაქტები. განსაკუთრებით შემაშფოთებელია 2010-2011 წლის სტატისტიკა, როდესაც საწარმოო უბედურმა შემთხვევებმა პიკს მიაღწია. 
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით 2010 წელს სამუშაო შესრულებისას დაშავებულთა რაოდენობა იყო 102, გარდაცვლილთა რაოდენობა - 42. 2011 წელს დაშავებულთა რაოდენობაა 137, გარდაცვლილთა რაოდენობა - 54. 2012 წლის მონაცემები დამუშავების პროცესშია. 
სამწუხაროდ, ეს შემაშფოთებელი ტენდენცია დღემდე გრძელდება. ამა წლის 15 ივლისს ჭიათურის „შუქრუთის“ მაღაროში აფეთქების შედეგად გარდაიცვალა ერთი ადამიანი. ასევე, დაფიქსირდა 15-მდე საშუალო და მძიმე კატეგორიის ტრავმული შემთხვევა. 
აღნიშნული მდგომარეობის გამო საქართველოს სახალხო დამცველმა 2013 წლის 2 ივლისის რეკომენდაციით მიმართა საქართველოს მთავრობას და მოითხოვა: 
1.მაქსიმალურად მოკლე ვადაში დაიწყოს ინიცირება შრომის უფლების ერთ-ერთი მთავარი კომპონენტის – დასაქმებულთა ჯანსაღი და უსაფრთხო გარემოთი უზრუნველყოფისათვის შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის, №81 კონვენციის, №129 კონვენციის, №155 კონვენციისა და ევროპის სოციალური ქარტიის მე–3 მუხლის რატიფიცირების მიზნით. 
2.ახლო მომავალში გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები შრომის უსაფრთხო გარემოს მონიტორინგზე პასუხისმგებელი სახელმწიფო ინსტიტუციის (მაგალითად, როგორიცაა შრომის ინსპექცია) შექმნის მიზნით, რაც უზრუნველყოფს ერთის მხრივ, დასაქმებულებს მაქსიმალურად უსაფრთხო სამუშაო გარემოთი, ხოლო მეორეს მხრივ, ხელს შეუწყობს ევროკავშირის სტანდარტებთან ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობის დაახლოებას. 
როგორც საქართველოს მთავრობის კანცელარია იუწყება, საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაცია გადაეგზავნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის და საქართველოს იუსტიციის მინისტრებს. ასევე, საგადასახადო ომბუდსმენს,\" – ნათქვამია სახალხო დამცველის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში.
სახალხო დამცველი მწუხარებას გამოთქვამს 13 აგვისტოს ჭიათურის „ითხვისის“ მაღაროში მომხდარი უბედური შემთხვევისას დაღუპული ორი მაღაროელის - როლანდ ნოზაძისა და იუზა სამხარაძის გამო და უსამძიმრებს მათ ოჯახებს. 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა