ეგვიპტეში შექმნილი ვითარების გამო საგარეო უწყება საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს
კაიროში, ალექსანდრიაში და ეგვიპტის სხვა ქალაქებში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს საგარეო საქმეთა სამინისტრო აფრთხილებს, გამოიჩინონ განსაკუთრებული სიფრთხილე. განსაკუთრებით უნდა მოერიდონ ეგვიპტის ტერიტორიაზე გადაადგილებას, დემონსტრაციებსა და მასობრივი თავშეყრის ადგილებს.
"ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, გაცნობებთ, რომ 2013 წლის 14 აგვისტოს კაიროსა და ქვეყნის 14 რეგიონში გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა. კომენდანტის საათი მოქმედებს 19:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე. ქვეყნის ტერიტორიაზე მიმდინარეობს შეტაკებები ეგვიპტის სამართალდამცავ ორგანოებსა და „მუსლიმი ძმების" მომხრეებს შორის, რასაც მოჰყვა მსხვერპლი.
საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ამჟამად დასასვენებლად იმყოფებიან ეგვიპტის კურორტებზე, მათ შორის ჰურგადაში მუდმივი კონტაქტი უნდა ჰქონდეთ ტურ-ოპერატორებთან. ქართველმა ტურისტებმა არ უნდა დატოვონ ტურისტული დასასვენებელი ზონების ტერიტორია," – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში.
ეგვიპტეში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს საჭიროების შემთხვევაში შეუძლიათ დაუკავშირდნენ კაიროში საქართველოს საელჩოს, ცხელ ხაზზე: +2010 110 888 44.
საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე, მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც გეგმავენ ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში გამგზავრებას, თავი შეიკავონ მგზავრობისგან.
ავტორი: ნიუპრესი