ქუთაისის ვიცე–მერის წახალისება 1700 ლარამდე დაჯდა
ქუთაისის ვიცე–მერი თენგიზ თოფურიძე, "განსაკუთრებული დავალების შესრულებისთვის" პრემიით წაახალისეს. ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით, ვიცე–მერისთვისთვის გაცემულმა ფულამდა ჯილდომ 1640 ლარი შეადგინა.
ბრძანება, რომლის საფუძველზე, ქუთაისის ვიცე–მერმა პრემია აიღო, 2013 წლის 29 ივლისით თარიღდება. საკრებულოს თავმჯდომარის, თამაზ მარგველაშვილის ხელმოწერილ ბრძანებაში ნათქვამია, რომ „თენგიზ თოფურიძის მიმართ, მის მიერ განსაკუთრებული დავალების შესრულებისათვის გამოყენებულ იქნეს წახალისების ფორმა – ერთდროული ფულადი ჯილდო.“
ვიცე–მერისთვის გაცემულ პრემიას, მერიის ყოფილი თანამშრომლები, ქუთაისის მერიაში მის მიერ "წარმატებით განხორციელებულ" რეორგანიზაციას უკავშირებენ.
თენგიზ თოფურიძის მიერ განხორციელებულ რეორგანიზაციას კი მერიის პრესსამსახურის ყოფილი თანამშრომელი, თეონა ჭეიშვილი პირადი ანგარიშსწორებით ხსნის.
"ვიცე– მერმა თენგიზ თოფურიძემ პირადი ანგარიშსწორების გამო გამათავისუფლა. რადგან არ მოსწონდა, რომ მისი პოლიტიკური ორიენტაციის შეცვლის შემდეგ, არ ვესწრებოდი მის მიერ გამართულ ბრიფინგებს და არ მომწონდა მისი პოსტებს,“ – ამბობს თეონა ჭეიშვილი.
„რომელ ანგარიშსწორებაზეა საუბარი, როცა თეონა ჭეიშვილი სამსახურიდან უდისციპლინობისა და უპასუხისმგებლობის გამო გათავისუფლდა. ყველაფერი ეს, დღეს სასამართლოშიც გაირკვა და მისი საჩივარი არ დაკმაყოფილდა,“ – ამბობს თოფურიძე.
ვიცე–მერი, ასევე, აცხადებს, რომ მიღებულ პრემიას რეორგანიზაციასთან კავშირი არ აქვს.
"ეს პრემია იყო წახალისების ფორმა და არა რეორგანიზაციის გამო აღებული თანხა"– აღნიშნავს თოფურიძე.
ავტორი: ანა ჯანაშია