|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის აეროპორტიდან მგზავრები ტრანსპორტით მომსახურების ახალი სერვისით სარგებლობენ

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან მგზავრები ტრანსპორტით მომსახურების ახალი სერვისით სარგებლობენ და კომფორტული ავტობუსები ემსახურებათ – აცხადებენ საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში და მცდარს უწოდებენ ქუთაისის მერიის ეკონომიკური სამსახურისა და ინვესტიციების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის, სოსო გაბრიჭიძის გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად,  ქუთაისის აეროპორტიდან ქალაქის მიმართულებით მგზავრთა გადაყვანა ამორტიზებული ტრანსპორტით ხდება.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში აცხადებენ, რომ მათ მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ აუქციონში, რომელიც ეხებოდა ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან მგზავრთა ტრანსპორტით მომსახურების საკითხს, გამარჯვებული კომპანია გახდა შპს „SAINT GEORGE FOR INVESTMENT“.  აღნიშნულის შედეგად კი, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან, მგზავრებს ემსახურება ახალი, კომფორტული ავტობუსები, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია უსაფრთხო გადაადგილება თბილისის, ბათუმის, ზუგდიდის, მესტიისა და ყაზბეგის მიმართულებით. აეროპორტების გაერთიანების პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული ავტობუსები ქუთაისის მიმართულებითაც ემსახურება მგზავრებს და ისინი კონკრეტულ საავტობუსო გაჩერებამდე მიჰყავს.

ავტობუსის ბილეთის შეძენა შესაძლებელია აეროპორტის სალაროში და ადგილზე, მიკროავტობუსის მძღოლთან, ხოლო 8 სექტემბრიდან ამოქმედდება ბილეთის ონლაინ რეჟიმში გაყიდვის სისტემა და ელექტრონული ბილეთის შეძენა შესაძლებელი იქნება ვებ გვერდზე: www.georgianbus.com/booking.

ამჟამად ყველა მგზავრს ბილეთთან ერთად გადაეცემა ბუკლეტი, სადაც დატანილია ავტობუსების გასვლის განრიგი ფრენების მიხედვით, გასვლის ადგილები მონიშნულია ბუკლეტზე დატანილ რუქაზე, ასევე მუშაობს 24 საათიანი ცხელი ხაზი +995 593 41 34 81, სადაც ნებისმიერ ინფორმაციას მიიღებენ სურვილის შემთხვევაში. ახალი სერვისის თანახმად, მიკროავტობუსები უზრუნველყოფილია საჭირო კომფორტით: კონდიციონერით, ტელევიზორით, უსაფრთხოების ღვედებით და მომსახურების ფასში მგზავრებს უფასოდ ურიგდებათ 1 ბოთლი წყალი. სპეციალურად დატრეინინგებული ავტობუსის მძღოლები კომუნიკაციის დონეზე ფლობენ უცხო ენას,” – აცხადებენ საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში. 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა