|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„გამჭვირვალობა – საქართველო“ - მინარეთის დემონტაჟით შეილახა მუსლიმი მოსახლეობის უფლებები

საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველო სოფელ ჭელაში, მინარეთის დემონტაჟთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ შემოსავლების სამსახურს არ ჰქონდა მინარეთის დემონტაჟის უფლება, აღნიშნული ქმედებით კი შეილახა ადგილობრივი მუსლიმი მოსახლეობის უფლებები.

2013 წლის 26 აგვისტოს შემოსავლების სამსახურმა ადიგენის რაიონის სოფელ ჭელაში მდებარე მეჩეთის მინარეთის დემონტაჟი განხორციელა. გავრცელებული ინფორმაციით, მეჩეთის დემონტაჟს ადგილობრივი მოსახლეობა აპროტესტებდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის სხვადასხვა ქვედანაყოფების წარმომადგენელთა ჩარევის შედეგად საპროტესტო აქციის მონაწილეთა ნაწილი დაკავებულია.

შემოსავლების სამსახურის განმარტებით მინარეთის დემონტაჟი სასაქონლო ექსპერტიზის ჩატარების მიზნით განხორციელდა, ვიანიდან კონსტრუქციის თურქეთიდან იმპორტირებისას საბაჟო დეკლარაციაში არასწორად მოხდა მისი კლასიფიცირება.

მიგვაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ გაკეთებული განმარტება არ ამართლებს მინარეთის დემონტაჟს და ამავდროულად არ წარმოადგენს სათანადო დასაბუთებას მაშინ, როდესაც „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის თანახმად შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია დაათვალიეროს საქონელი, აიღოს სინჯი ან/და ნიმუში. შესაბამისად მიგვაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურს არ ჰქონდა მინარეთის დემონტაჟის უფლება.

ამასთან, საგანგაშოა შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება და ის ფორმა, რომლითაც უწყებამ გადაწყვიტა შემოწმების ჩატარება, მაშინ როდესაც საკითხი ეხებოდა რელიგიურ უმცირესობებს და მათ კონსტიტუციით დაცულ უფლებებს. სახელმწიფოს სამსახურის ამგვარი ზედაპირული დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის რელიგიური უმცირესობების მიმართ დაუშვებელია. აღნიშნული ქმედებით შეილახა ადგილობრივი მუსლიმი მოსახლეობის უფლებები. სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული რწმენის თავისუფლება და პატივი სცეს ყველა აღმსარებლობის წარმომადგენლებს," – ნათქვამია საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა