დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში დღესაც ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი
დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ძლიერი წვიმა დღესაც შენარჩუნდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრიდან სვეტლანა ნიორაძემ აცნობა, დასავლეთ საქართველოს მთასა და მაღალმთაში, ასევე ზოგიერთ რაიონში შესაძლოა, ძლიერი წვიმა იყოს. ჰაერის ტემპერატურა 18 გრადუსამდე დაეცემა.
ამასთან, ძლიერი წვიმების გამო შესაძლოა, ორი დღის შემდეგ ადგილი ჰქონდეს გეოლოგიურ მოვლენებს, კერძოდ, გააქტიურდეს მეწყერსაშიში ზონები.
დღეს შესაძლოა, ასევე იწვიმოს აღმოსავლეთ საქართველოს მთასა და მაღალმთაში. იქროლებს ძლიერი ქარი 20-25 მეტრი წამში.
ამასთან, წუხელ ღამით თბილისში ქროდა ქარი, რომლის სიჩქარე წამში 23 მეტრი იყო, ტემპერატურა კი 18 გრადუსი.
ხვალიდან მთელს საქართველოში გამოიდარებს და მზიანი ამინდები 14 სექტემბრამდე გაგრძელდება. თუმცა შესაძლოა, 11 სექტემბერს ისევ იწვიმოს.
როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრში აცხადებენ, გუშინ მოსული ძლიერი წვიმის შედეგად დასავლეთ საქართველოს მდინარეებში: ცხენისწყალი, აჭარისწყალსა და სუფსაში წყლის დონემ მნიშვნელოვნად მოიმატა, თუმცა წყალმოვარდნები არ დაფიქსირებულა. ძლიერ წვიმდა ფოთში, ქობულეთში, გურიაში და ქედაში, სადაც უხვი წვიმის ნალექმა გზა და ნათესები დაფარა.
ავტორი: ნიუპრესი