თბილისში გიორგი ანწუხელიძის სტენსილის გაკეთების გამო აქტივისტები დააკავეს
თბილისში პოლიციამ სამოქალაქო აქტივისტებს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის სტენსილის გაკეთების უფლება არ მისცა - პოლიციელებმა სტენსილები დალუქეს, აქტივისტები კი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს - ინფორმაციას ამის შესახებ აქტივისტი ცოტნე ჯაფარიძე ავრცელებს.
ჯაფარიძის ცნობით, პოლიციელებმა სტენსილის გაკეთების გამო თავად ჯაფარიძე, გიგლა ყანჩაველი და გიორგი ცქვიტინიძე ადმინისტრაციულ სამართალ დამრღვევად ცნეს.
გუშინ ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე სამოქალაქო აქტივისტები ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის სტენსილის აღდგენას ცდილობდნენ, რა დროსაც ადგილზე პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ.
ცნობისთვის, 23 წლის უმცროსი სერჟანტი ანწუხელიძე 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუს ოკუპანტებს ტყვედ ჩაუვარდათ. 2008 წლის ნოემბრამდე ანწუხელიძე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა. თუმცა, მოგვიანებით ოკუპირებული ცხინვალიდან გადმოსვენებული 10 ქართველის ცხედრის გენეტიკური ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ ანწუხელიძე ერთ-ერთი მათგანი იყო.
2009 წლის იანვარში ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო მასალა, რომელშიც გიორგი ანწუხელიძე ოკუპანტებს წრეში ჰყავთ მოქცეული და მას რიგრიგობით ურტყამენ ფეხებს კეფასა თუ ზურგზე. ოკუპანტები ანწუხელიძეს აიძულებდნენ, მიწისთვის ეკოცნა, თუმცა მისი გატეხვა ვერ შეძლეს. საბოლოოდ, ის ოსმა სეპარატისტებმა ცემით მოკლეს და ოკუპირებულ ცხინვალში დატოვეს.
2009 წელს გიორგი ანწუხელიძეს მიენიჭა ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი. 2011 წელს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ის "სამშობლოსთვის თავდადებულის" მედლით დააჯილდოვა. 2013 წლის 15 აპრილს საქართველოს იმჟამინდელი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებით ეროვნული გმირის სტატუსი მიენიჭა. 2013 წლის 2 ნოემბერს„თუშების სადროშომ“ გიორგი ანწუხელიძეს თუში სახალხო გმირის წოდება მიანიჭა. 2017 წელს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ უწყებრივი მედალი "გიორგი ანწუხელიძე" დაამტკიცა, რომლითაც 13 სამხედრო დააჯილდოვა.
ავტორი:



14:46
















