|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საჯარო მოხელეები სამსახურში შესაძლოა, უვადო ხელშეკრულებით დასაქმდნენ

საჯარო მოხელეები სამსახურში შესაძლოა, უვადო ხელშეკრულებით დასაქმდნენ. "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონში აღნიშნულ და სხვა ცვლილებებზე საჯარო სამსახურის რეფორმის საბჭო მუშაობს. 
საბჭომ სახელმწიფო კანცელარიაში დღეს მორიგი სხდომა გამართა და კანონის რეფორმასთან დაკავშირებით მომზადებული ხედვა შესაბამის სამთავრობო კომისიას გააცნო.
"საუბარი იქნება პრობლემურ თემებზე, რომლებიც შეეხება საჯარო მოხელის სტატუსს, მის სამსახურში მიღებას, კარიერული პრინციპით გათავისუფლებას, სამართლებრივ და სოციალურ გარანტიებს. ჩვენს მიერ მომზადებული ხედვა გულისხმობს საჯარო მოხელის უვადოდ დანიშვნას, რათა კონკრეტული სამსახური მისთვის პრიორიტეტული იყოს", - განუცხადა სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს საბჭოს წევრმა, პაატა გვილავამ.
სამთავრობო კომისიის წარმომადგენლის, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ირინა იმერლიშვილის თქმით კი, ის ეთახმება პოზიციას საჯარო მოხელის სამსახურში უვადოდ დანიშვნასთან დაკავშირებით. 
"ვნახავთ, რას შემოგვთავაზებს საბჭო, თუმცა მე მაქვს ჩემი ხედვა და მიმაჩნია, რომ საჯარო სამსახური უნდა ეფუძნებოდეს კარიერულ პრინციპს და არა - ხელშეკრულებას. ეს სწორედ გულისხმობს იმას, რომ საჯარო მოხელე უვადო ხელშეკრულებით იქნას დასაქმებული", - აღნიშნა იმერლიშვილმა.
საჯარო სამსახურის რეფორმის საბჭოს სხდომას USAID-ის მიერ მოწვეული დანიელი ექსპერტი და ევროკავშირის SIGMA-ს უცხოელი ექსპერტებიც ესწრებოდნენ.


წყარო: ინტერპრესნიუსი

ავტორი: ნიუპრესი