ვიცე-მერი ქუთაისის გადამდგარ მერზე - მომერიდა მეკითხა, რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება
ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობაში უკვე ყოფილი მერის, დიმიტრი კოპალიანის თანამდებობიდან გადადგომის მიზებზე არ საუბრობენ. მერიაში ირწმუნებიან, რომ კოპალიანის გადადგომის მიზეზები არ იციან.
"ვერ გეტყვით რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება. მომერიდა დამერეკა და მეკითხა თუ რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება. უხერხული მომენტია. მიზეზებზე თავად უნდა ისაუბროს. ალბათ, ვფიქრობ, ოჯახური პრობლემები ჰქონდა და ვერ შეეწყო თანამდებობას", - განუცხადა newpress.ge-ს ქუთაისის ვიცე-მერმა კოტე ლომიძემ.
კოპალიანის თანამდებობის დატოვების მიზეზი, როგორც თავად ამბობს, არც ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ, თამაზ მარგველაშვილმა იცის.
"გამოძიება არ ჩამიტარებია თუ რატომ გადადგა თანამდებობიდან კოპალიანი", - ამბობს თამაზ მარგველაშვილი.
შეგახსენებთ, რომ დიმიტრი კოპალიანი სამკვირიანი შვებულების შემდეგ სამსახურში გუშინ დაბრუნდა და თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება გუშინვე დაწერა.
დიმიტრი კოპალიანი შვებულებაში მიმდინარე წლის 22 აგვისტოს, მას შემდეგ გავიდა, რაც საკრებულოს უმრავლესობის წარმომადგენლები იმპიჩმენტის გამოცხადებით დაემუქრნენ. თუმცა მაშინ, შვებულებაში გასვლის ოფიციალურ მიზეზად ოჯახური პრობლემები დასახელდა.
დიმიტრი კოპალიანი ქუთაისის რიგით მეათე მერი გახლდათ "ვარდების რევოლუციის" შემდეგ.
ავტორი: თეკლა მორგოშია