ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი გარემოვაჭრეებს – ჩემი სიგრძე–სიგანით მომიხმარეთ
ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლის, კოტე ლომიძისა და გარემოვაჭრეების შეხვედრა ამ წუთებში დასრულდა. ლომიძის განმარტებით, მხარეები იმაზე შეთანხმდნენ, რომ გარემოვაჭრეები 2 თვის ვადით, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე სავაჭრო ცენტრ, შპს "კიდობანის" ფართებს დაიკავებენ. აღნიშნული შპს ჭავჭავაძის გამზირზე, რკინიგზის სადგურის ყოფილი შენობის მიმდებარედ ფუნქციონირებს.
ლომიძის განმარტებით, აღნიშნულ ფართში გარემოვაჭრეები 2 თვის განმავლობაში ყოველგვარი გადასახადის გარეშე იმუშავებენ. ასევე, მერის მოვალეობის შემსრულებელმა გარემოვაჭრეებს კიდევ ერთხელ განუცხადა, რომ მათ კანონის დარღვევის უფლებას არ მისცემდა.
"სხვა დანარჩენი რაც შემიძლია, კანონის ფარგლებში აქ ვარ და ჩემი სიგრძე–სიგანით მომიხმარეთ. მათ შევთავაზე ნორმალური ფართი, ნორმალური პირობებით. თუმცა, რამდენად კარგი იქნება, ეგ უკვე არ ვიცი,"– განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ლომიძემ.
თავად გაარემოვაჭრეები აცახებენ, რომ მერიის მხირიდან შეთავაზებული ფართი მათთვის მისაღები არაა. თუმცა, მათი თქმით, აღნიშნულ შეთავაზებას მაინც დათანზმდებიან და მუშაობას განაგრძობენ.
"ისე არ არის, რომ ჩვენ მაინცდამაინც გარე ვაჭრობა გვინდა. ჩვენ გვინდა ისეთი ადგილი, სადაც პურის ფულს მაინც ვიშოვით. რაც შემოგვთავაზეს არც ისე კარგია, მაგრამ რა უნდა ვქნათ, დროებით უნდა დავთანხმდეთ," – განაცხადა გარემოვაჭრემ, ნატო გუდაძემ.
შეგახსენებთ, რომ ჭავჭავაძის გამზირზე მომუშავე გარემოვაჭრეები დღეს დილიდანქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელთან, კოტე ლომიძესთან ითხოვდნენ შეხვედრას. ეს უკანასკნელი მათ მხოლოდ მას შემდეგ შეხვდა, რაც გარემოვაჭრეებმა მერიის წინ, ქალაქის ცენტრალური გზა გადაკეტეს.
ავტორი: თეკლა მორგოშია