საავტორო უფლებათა ასოციაცია ქუთაისელ ავტორებს შეხვდა
ლიცენზირებისა და საავტორო უფლებების კუთხით არსებული
პრობლემების შესწავლის მიზნით, შეხვედრა გაიმართა დღეს ქუთაისში, დემოკრატიული ჩართულობის
ცენტრში. საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის წარმომადგენლები იმერეთში მოქმედ
საავტორო უფლებებით მოსარგებლეებს შეხვედნენ. შეხვედრაზე საავტორო და მომიჯნავე უფლებების
სფეროში რეგიონის დონეზე არსებულ პრობლემატიკასა და მისი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.
„შეხვედრას ორი მიზანი აქვს. პირველი, აღმოვაჩინოთ ის
ხალხი, ვინც ქმნის ნაწარმოებს და არის ავტორი.
ის არის ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი. სავალდებულოა, შევთავაზოთ მათ ასოციაციაში გაწევრიანება,
ავუხსნათ ის პრივილეგიები, რაც მათ ექნებათ ჩვენთან გაწევრიანების შემთხვევაში და ასევე,
ავუხსნათ როგორ დაიცვან საკუთარი უფლებები. მეორე მიზანია, ბაზრის შესწავლა რეგიონის
დონეზე ლიცენზირების კუთხით. ერთი წლის წინ დაიწყო ამ სფეროს რეფორმირება და დედაქალაქის
მასშტაბით მკვეთრი შედეგები გვაქვს. მკვეთრად არის შემცირებული დარღვევები და გაზრდილია
ლიცენზიის გაცემის მაჩვენებელი. რეგიონების დონეზეც უნდა მოვაგვაროთ ეს პრობლემები“
- აღნიშნა საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარემ გიგა კობალაძემ.
საავტორო უფლებათა ასოციაციამ მსაგავსი შეხვედრა კახეთში,
ქვემო და შიდა ქართლში უკვე გამართა. ახლო მომავალში ისინი საქართველოს სხვა რეგიონებშიც
გეგმავენ შეხვედრებს.
ავტორი: ხათუნა მაისურაძე