პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე ქუთაისში 7 ადამიანი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა პროსტიტუციისათვის ადგილის გადაცემის ბრალდებით ქუთაისში დააკავეს სასტუმრო „ვიქტორია“-ს მესაკუთრე არჩილ ტ. და ადმინისტრატორი მარინა ლ, სასტუმრო ,,კოსმოსი“-ს ადმინისტრატორ-მესაკუთრე ნანა ა, სასტუმრო „ლუქსი“-ს ადმინისტრატორ-მესაკუთრე ნუნუ ს. და სასტუმრო „ბაკური“-ს ადმინისტრატორი ნორა ს. სამართალდამცველებმა ასევე დააკავეს ქუთაისში, აბაშიძის ქუჩაზე მდებარე საუნის ადმინისტრატორი და მესაკუთრე - როზა ტ. და ოთარ კ.
"გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები გარკვეული პერიოდის განმავლობაში, გასამრჯელოს სანაცვლოდ, ქალბატონებს პროსტიტუციისთვის ადგილს უთმობდნენ.
სამართალდამცველებმა სასტუმროში მომუშავე ქალბატონები მოწმის სტატუსით უკვე დაკითხეს," – ნათქვამია შსს–ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოძიება პროსტიტუციისთვის ადგილის გამოყოფის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 254-ე მუხლით).
ავტორი: ნიუპრესი