საჯარიმო სანქციები ქუთაისის ბიუჯეტის შესავსებად
ქუთაისის ადგილობრივი ბიუჯეტის რვა თვის შესრულების ანგარიშის თანახმად, მიმდინარე წლის იანვრიდან ამ დრომდე ადგილობრივმა შემოსავლებმა 29 მლნ 254 600 ლარი შეადგინა.
აღნიშნული მაჩვენებელი 4 მლნ 1600 ლარით ნაკლებია 2012 წელის იმავე პერიოდის მონაცემებთან შედარებით.
ადგილობრივ ბიუჯეტის შემოსავლებში ყველაზე მეტი თანხა საჯარიმო სანქციების მიხლიდან არის შესული, რაც მთლიანი შემოსავლების 8 პროცენტია.
ბიუჯეტში რვა თვის განმავლობაში ჯარიმებიდან შესულმა თანხამ სულ 1 758 300 ლარი შეადგინა, რაც რვის თვის შესრულების გეგმაზე 248 300 ლარით მეტია.
ქუთაისის მერიის საფინანსო სამსახურში განმარტავენ, რომ ჯარიმებისა და საურავების შემოსულობები გადაჭარბებით არის შესრულებული. აღნიშნულ სამსახურში წლის ბოლოს ბიუჯეტის გეგმის სრულ შესრულებას პროგნოზირებენ.
„არანაირი ჩამორჩენა არ გვაქვს გეგმასთან მიმართებაში,“ – ამბობს მერიის საფინანსო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, ირაკლი ავალიანი.
ადგილობრივ თვითმმართველობაში განმარტავენ, რომ ჯარიმების გეგმის გადაჭარბება მკაცრი ადმინისტრაციული ნორმების დაცვით არის გამოწვეული.
თუმცა, განსხვავებულად ფიქრობენ ადგილობრივი თვითმმართველობის ზოგიერთი წარმომადგენლები. საკრებულოს უმცირესობის წევრები მიიჩნევენ, რომ ჯარიმებიდან განსაზღვრულზე მეტი თანხის მიღება, მოქალაქეების მხრიდან კანონდაუმორჩილებლობით არის გამოწვეული.
„ხალხი არ ემორჩიელბა კანონს და მთავრობაც სულს ხდის ამ ჯარიმებით ისედაც გაწამებულ ხალხს. ჯერჯერობით ამას , როგორც ბიძინა ივანიშვილი იტყოდა გაგებით ეკიდებიან, მაგრამ ეგ ძალიან მალე დამთავრდება“, – განმარტავს საკრებულოს უმცირესობაში მყოფი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, დავით გოგისვანიძე.
საკრებულოს უმცირესობის წარმომადგენელები თვლიან, რომ ბიუჯეტს მხოლოდ ჯარიმებიდან მიღებული თანხით ვერ შეავსებენ.
„თუკი სხვა რაიმე ზომა არ იქნა მიღებული, სეკვესტრი გარდაუვალია“, – განმარტავენ ისინი.
მათივე თქმით, ადგილობრივი ბიუჯეტის კრიზი გამოწვეულია ინვესტორების ქალაქიდან გასვლით. „ნაციონალების“ განმარტებით, ეს უკანასკნელი პარალამენტის ქუთაისში დარჩენა–არდარჩენის საკითხით არის გამოწვეული.
ავტორი: თეკლა მორგოშია