ქუთაისის თოჯინების თეატრის ყოფილი მმართველი კულტურის სამინისტროს უპირისპირდება
ქუთაისის თოჯინების სახელმწიფო თეატრის ყოფილი მმართველი, ია იაშვილი, საქართველოს კულტურის სამინისტროს, თოჯინების თეატრისადმი გულგრილობაში ადანაშაულებს. იაშვილი newpress.ge-სთან, თეატრიდან მისი წასვლის მიზეზებზე საუბრობს.
"ვერასოდეს წარმოვიდგენდი იმას, რომ არ იკითხავდნენ, თუ რა გავაკეთე და გავაფუჭე ამ რვა წლის განმავლობაში," - აღნიშნავს იაშვილი.
საქართველოს კულტურის სამინისტრომ თეატრის მმართველის თანამდებობაზე, ამავე თეატრის მიერ წარდგენილი, თოჯინების თეატრის მეთოჯინე რეჟისორი, ეკატერინე სირაძის კანდიდატურა არ განიხილა. სამაგიეროდ, სამინისტრომ ქუთაისის კულტურის მუშაკთა 22 კაციანი საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კადრი, ლევან გაბრიჭიძის კანდიდატურა დაამტკიცა.
თოჯინების თეატრის ყოფილი მმართველი კულტურის სამინისტროს, იმ საქმის მოკვლევას სთხოვს, რომელიც თოჯინების თეატრის ახლადდანიშნული მმართველის, ლევან გაბრიჭიძის წარდგინების დროს გაჟღერდა.
"ბოლო წლების მანძილზე თოჯინების თეატრი არაპროფესიონლათა საცდელ პოლიგონად და ავტორიტართა ანგარიშსწორების არენად გადაიქცა," – ნათქვამია ქუთაისის კულტურის მუშაკთა საინიციატივო ჯგუფის მიერ ლევან გაბრიჭიძის კანდიდატურის წარდგინებაში.
ია იაშვილი ამბობს, რომ თუკი მისმა 8 წლიანმა მუშაობამ სავალალო მდგომარეობამდე მიიყვანა თეატრი, ამით კულტურის სამინისტრო აქამდეც უნდა დაინტერესებულიყო. ის საქმისადმი დაინტერესებას ადგილობრივი თვითმმართველობისაგანაც ელოდა.
"თუკი თეატრში სავალალო მდგომარეობა იყო, რატომ ფინანსდებოდა ის ყოველწლიურად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 190 000 ლარით?" – აცხადებს ია იაშვილი.
ქუთაისის თოჯინების თეატრის მმართველად ია იაშვილი 2005 წელს დაინიშნა. მან თანამდებობა იმ საკანმდებლო ცვლილების საფუძველზე დატოვა, რომელიც თეატრების მმართველების დანიშვნას კონკურსის წესით ითვალისწინებს.
ავტორი: თეკლა მორგოშია
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა