გია თევდორაძე ხელისუფლებას – თქვენი დანაშაული უმოქმედობაშია
საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, გია თევდორაძემ, არჩევნების შემდეგ შეჩერებული პროექტების პრეზენტაცია წარადგინა.
როგორც თევდორაძემ დღეს პოლიტიკური დებატების დროს პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, შეჩერებული პროექტების ნუსხა ძალიან დიდია. მან უმრავლესობას შეჩერებული პროექტების ასამუშავებლად ერთობლივი მუშაობისკენ მოუწოდა.
"თვითოეული ეს პროექტი უმნიშვნელოვანესი იყო იმ რეგიონებისთვის, სადაც უნდა განხორციელებულიყო. მას ჰქონდა უდიდესი სოციალურ-ეკონომიკური დატვირთვა. ჩემს პრეზენტაციაში წააწყდებით გაჩერებულ პროექტებს, რომელიც შეეხება ჩვენი ქვეყნის მასშტაბით საგზო ინფრანსტრუქტურის, წყლისა და კომუნიკაციის სისტემების მიმართულებით მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს. აქ წააწყდებით სამუშაოებს, რომელიც შეეხებოდა სათავო ნაგებობების მოწესრიგებას ბევრ რეგიონში, რომელიც წყლის მიწოდებაში შეუწყობდა ხელს ჩვენს თანამოქალაქეებს. ამ გაჩერებულ პროექტებში არის პროექტები, რომელიც შეეხებოდა ადგილობრივი ლოკალური მნიშვნელობის ჰესების მშენებლობას – მაგალითად რაჭა-ლეჩხუმში. აქ არის პროექტები, რომელიც შეეხებოდა სარწყავი ნაგებობების მოწესრიგებასა და ახალი სარწყავი არხების გაყვანას, რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა სოფლის მეურნეობისთვის. აქ არის პროექტები, რომელიც შეეხება ტურისტული პოტენციალის გაზრდას საკურორტო თუ ზღვისპირა რაიონებში. ზოგიერთი მათგანი არის კერძო ინვესტიცია, ზოგი კი სახელმწიფო ინვესტიცია და ეს მოგვცემდა საშუალებას ტურისტული ინფრასტრუქტურა უკეთ ყოფილიყო ამუშავებული. ამ პროექტების განხორციელების შემთხვევაში, რეგიონების და მთლიანად ქვეყნის ტურისტულ-ინფრასტრუქტურული, ტურისტული პოტენციალის ამუშავება იყო უფრო მეტად მნიშვნელოვანი. ეს ნიშნავდა რამდენიმე ათას სამუშაო ადგილსა და რამდენიმე ასეულობით მილიონ ლარს ამონაგებისა და გარედან შემოსული ინვესტიციის სახით. ამ პროექტების განხორციელების შეჩერებით, ქვეყანამ დაკარგა ათასობით სამუშაო ადგილი", - აღნიშნა თევდორაძემ.
მისივე თქმით, ახალი ხელისუფლების დანაშაული უმოქმედობაშია.
"თქვენი დანაშაული სწორედ უმოქმედობაშია. დღესაც გთავაზობთ, რომ ერთად დავსხდეთ, ვიფიქროთ ამ პროექტების ამუშავებაზე, რისი საბოლოო მიზანიც იქნება უკეთესი ხვალინდელი დღე ჩვენი მოქალაქეების და მათი უკეთესი ეკონომიკური მდგომარეობა", - აღნიშნა თევდორაძემ.
ავტორი: ნიუპრესი