newpress.ge–ზე გამოქვეყნებული ფოტოების შემდეგ, ქუთაისში კულტურული ძეგლების ტერიტორიები დაასუფთავეს
newpress.ge - ზე ფოტორეპორტაჟის "ნაგავსაყრელები ქუთაისის კულტურულ ძეგლებთან" გამოქვეყნების შემდეგ, ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურმა, ის სკვერები მოაწესრიგა, სადაც ძეგლებს მიღმა ნაგავი ეყარა.
როგორც ირკვევა, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე სკვერი, სადაც ილია ჭავაჭავაძის ძეგლის მიღმა საყოფაცხოვრებო ნარჩენები ეყარა, ორი დღის წინ დაასუფთავეს.
"კვირას დავიწყეთ იმ სკვერის მოწესრიგება, სადაც ილია ჭავჭავაძის ძეგლი დგას. თუმცა გარკვეულ ადგილებზე სკვერები მოუწესრიგებელი იმიტომ რჩება, რომ ჯერჯერობით ტენდერის გამოცხადების უფლება არ გვეძლევა," – ამბობს ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი, ბაკურ ხურციძე.
კეთილმოწყობის სამსახურის ინფორმაციითვე, კომპანიას, რომელიც მანამდე ქუთაისში ძეგლებისა
და სკვერების მოვლა–პატრონობას ახორციელებდა, ხელშეკრულება შეუწყვიტეს. ბაკურ ხურციძის თქმით, აღნიშნულის მიზეზი, შპს "ფაუნა 2007"–ის მხრიდან, დაკისრებული სამუშაოების შეუსრულებლობა გახდა.
თუმცა როგორც ირკვევა, შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენლებმა სასამართლოს მიმართეს. გამოძიების დასრულებამდე კი კეთილმოწყობის სამსახურს ახალი კომპანიის შესარჩევად, ტენდერის გამოცხადების უფლება არ ეძლევა.
ავტორი: ანა ჯანაშია