ლეიკემიით დაავადებული 4 წლის ლიკა კაპანაძის ოპერაციისთვის დამატებით 65 ათასი ლარია საჭირო
"ქართულ ბიზნესმენებს ნაკლები საქველმოქმედო კულტურა აქვთ, სამაგიეროდ საზოგადოება იჩენს აქტიურობას", - განაცხადა ჟურნალისტმა ბექა ელბაქიძემ ქუთაისში მესხიშვილის სცენაზე გამართულ საქველმოქმედო კონცერტზე.
ფესტივალ „პოემუსის“ ფარგლებში გამართული 2 ოქტომბრის ქუთაისური „თეთრი საღამო“ მეხუთე საქველმოქმედო აქციაა. აღნიშნული აქცია ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს და მიუსაფარ მოხუცებს მიეძღვნა. ქუთაისის მოხუცთა პანსიონატის ბენეფიციარები თავად სტუმრობდნენ თეატრს.
საქველმოქმედო კონცერტში მონაწილეობდნენ ქართული კინოს, თეატრის მსახიობები, საესტრადო მომღერლები და პოეტები. ისინი დამსწრე საზოგადოებას მოუწოდებდნენ აქტიურობისკენ. რადგან საღამოს კონკრეტული ადრესატი ჰყავდა.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საღამოზე შემოსული თანხა 4 წლის ლიკა კაპანაძის მკურნალობას უნდა მოხმარდეს, რომელიც ლეიკემიითაა დაავადებული.
აღმოჩნდა, რომ ბიზნესმენები ნაკლებ აქტივობას იჩენენ ქველმოქმედების კუთხით. ისევ საზოგადოებამ, რიგითმა მოქალაქეებმა უნდა აიღონ თავზე ლეიკემიით დაავდებული ბავშვბისთვის სამკურნალო თანხის მოგროვება, ითქვა საღამოზე.
დარბაზში ყულაბები დაიდგა, სადაც შეეძლოთ მსურველებს თანხის შეწირვა, ასევე გამოცხადდა ტელეფონი (0901080806).
„თეთრი საღამოს" ქუთაისელ მხარდამჭერებს მერია და მესხიშვილის თეატრი წარმოადგენდნენ.
ავტორი: ეკა კუხალაშვილი