ჭიჭიკია–ბიჭიკია, ქუთაისური სუფრა და სხვა მრავალი შესაძლოა კულტურულ მემკვიდრეობად აღიარონ
ქუთაისური ეტიკეტი, ზრდილობა, სუფრის ტრადიციები და სამზარეულო, ქუთაისური იუმორი და ანეკდოტები (ჭიჭიკია და ბიჭიკია), სალონური მუსიკა, ქალაქური სიმღერები, ქუთაისური ბაღები, ღობის მოწყობის წესი, (ვარდები, კარალიოკი, კოინდარი), საოჯახო წამლები, თეთრი ხიდიდან გადმოხტომის ტრადიცია, ჭინკობა და ჭიაკოკონობა, "მწვანე" და "პიანი" ბაზრის კულტურა და ბევრი სხვა წეს–ჩვეულება შესაძლოა არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობად (აკმ) აღიარონ.
არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, როგორც ქუთაისის მერიაში აცხადებენ, ახალი მიმართულებაა კულტურის, განათლებისა და ძეგლთა დაცვის სამსახურისთვის.
არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ინვენტარიზაციისთვის, ქუთაისის მერიამ ტენდერი დღეს გამოაცხადა.
ტენდერში გამარჯვებულმა პირმა ან ორგანიზაციამ უნდა ჩაატაროს ინვენტარიზაცია ქუთაისის მასშტაბით და გამოავლინოს აკმ. აღნიშნული მომსახურებისთვის მერიის მიერ გამოცხადებული 3 ათას ლარიან ტენდერში წინადადებების მიღება 20 ოქტომბერს იწყება, რომელიც 25 ოქტომბერს უნდა დასრულდეს.
როგორც მერიის ძეგლთა დაცვის სამსახურში განმარტავენ, ინვენტარიზაციის დროს ყურადღება უნდა მიექცეს როგორც დღეს არსებულ, ასევე, მივიწყებულ ტრადიციებს. აკმ–ს ელემენტების გამოვლენა და კლასიფიცირება უნდა მოხდეს საერთაშორისო აღიარებული კრიტერიუმების მიხედვით.
საბოლოო გადაწყვეტილებას, ამა თუ იმ ტრადიიციაზე აკმ–ს სტატუსის მინიჭების შესახებ, კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტო მიიღებს.
"ხიდიდან გადახტომის ტრადიციაც იგივეა, რაც ხალხური ცეკვა. მაგალითად, ანეკდოტები – ხალხურ თქმად ჩაითვლება, ქუთაისური სუფრის ტრადიციები – ეს ხალხური ყოფა-ცხოვრების გამოხატულებებია, რა თქმა უნდა ადამიანების ყოფა–ცხოვრებას როცა ვიკვლევთ პირველად ზუსტად იმას ვიკვლევთ, რას ჭამდნენ, როგორ ჭამდნენ, ურთიერთობისა და შეკრების რა წესები ქონდათ, რა კერპები ყავდათ და ა. შ", – ამბობს ფილოსოფოსი ტარიელ დათიაშვილი.
ავტორი: ეკა კუხალაშვილი